ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

იტალიაში ახალი შეზღუდვების დაწესებასა და კომენდანტის საათის გამოცხადებას მასობრივი პროტესტი მოჰყვა

იტალიაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. დემონსტრაციები გაიმართა ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქში, მათ შორის ტურინში, სადაც პოლიციის ოფიცრებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. მილანში, სადაც პროტესტანტები გაჰყვიროდნენ „თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება“, პოლიციამ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ორშაბათს რომში, პალერმოში და ათეულობით სხვა ქალაქში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ რესტორნების, ბარების, სავარჯიშო დარბაზების და კინოთეატრების დახურვის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რაც ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან შევიდა ძალაში.

ბევრმა რეგიონმა, მათ შორის ლომბარდიამ, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც მილანია, პიდმონტმა, რომლის შემადგენლობაშიც ტურინი შედის, ასევე, ღამის საათებში კომენდანტის საათი დააწესა.

მაშინ როცა კორონავირუსის პირველი ტალღის დროს იტალიაში გამოცხადებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა მშვიდობიანად ჩაიარა, ახალი შეზღუდვების გამოცხადებამ დაოუყოვნებელი ვნებათაღელვა გამოიწვია. მცირე ბიზნესების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისინი ქვეყნის პირველი დახურვისას მიყენებული ზიანისაგან ჯერ კიდევ არ გამოსულან და უფრო მეტმა შეზღუდვებმა შესაძლოა მათი გაკოტრება გამოიწვიოს.

რას ითვალისწინებს ახალი შეზღუდვები იტალიაში?

რესტორნებმა, ბარებმა და კაფეებმა 18:00 საათზე უნდა შეწყვიტონ ადგილზე მომსახურება და შუაღამემდე მხოლოდ წაღების მომსახურება შესთავაზონ მომხმარებელს. კონტაქტური სპორტი აიკრძალა, მაგრამ მაღაზიები და ბიზნესების უმეტესობა ღია დარჩება.

ახალი შეზღუდვები, რომელიც 24 ნოემბრამდეა ძალაში, ასევე ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო სკოლებისა და უნივერისტეტების 75% აუდიტორიების ნაცვლად სწავლებას ონლაინ მეთოდით განაგრძობენ.

რეგიონულმა მთავრობებმა ყველა სკოლას მოსთხოვა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, როგორც ამას BBC იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, მაგრამ განათლების მინისტრი ლუცია აზოლინა ამის წინააღმდეგ წავიდა.

მთავრობა ასევე დაჟინებით მოუწოდებს მოქალაქეებს არ იმოგზაურონ თავიანთი მშობლიური ქალაქების გარეთ, თუკი ამის აბსოლუტური საჭიროება არ არსებობს და ასევე მოერიდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას.

GUARDIAN.GE