ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

იტალიამ მთელი მოსახლეობა – 60 მილიონი ადამიანი – საგანგებო მდგომარეობის ქვეშ მოაქცია

იტალიამ კორონავირუსის აფეთქების გამო საგანგებო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა, რაც მოიცავს სამგზავრო შეზღუდვებს და საჯარო შეკრებების აკრძალვას. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ ბრძანება გამოსცა, რომელიც ადამიანებს სახლში დარჩენას და გადაუდებელი მგზავრობის საჭიროებისას ნებართვის აღებას ავალდებულებს. სატელევიზიო მიმართავაში მან თქვა, რომ აღნიშნული ზომები ყველაზე მეტად მოწყვლადი ადამიანების დაცვას ემსახურება. „დრო უკვე მეტად აღარ ითმენს“, განაცხადა მან.

კონტიმ თქვა, რომ ადამიანებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება სახლში დარჩენა იქნება. „ჩვენ ინფექციის და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. მთელი იტალია დაცული ზონა გახდება. ჩვენ ყველამ რაღაც უნდა მივცეთ იტალიას მისი უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერი და მკაცრი ზომების შემოსაღებად, რომ შევაჩეროთ ვირუსის განვითარება და დავიცვათ ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ორშაბათ საღამოს სატელევიზიო მიმართვისას.

აქამდე ჩრდილოეთ იტალიაში 16 მილიონამდე ადამიანი იყო კარანტინში მოქცეული და იქ მცხოვრებთ მოგზაურობა კარანტინის წესების მიხედვით, ხელისუფლების სპეციალური ნებართვებით უწევდათ, ახლა ეს მთელ იტალიას, 60 მილიონ ადამიანს შეეხება.

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ორშაბათის მონაცემებით, 97-ით გაიზარდა და 463 შეადგინა. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ კორონავირუსის აფეთქებას ქვეყნის „ყველაზე ბნელი საათი“ უწოდა.

გაზრდილია ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა და თუკი კვირას, 8 მარტს, 7 375 ადამიანი იყო გამოვლენილი, ახლა ინფიცირებულთა რიცხვი 9 172-ამდე გაიზარდა.

იტალია უკვე მეორე ქვეყანაა ჩინეთის შემდეგ, სადაც ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. შემთხვევები ქვეყნის 20-ივე რეგიონშია დადასტურებული.

იტალიის მიერ კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო შემოღებული შეზღუდვები ყველაზე მკაცრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

რა არის კორონავირუსის, „კოვიდ-19“-ის სიმპტომები?

ვირუსი სიცხით და ციებ-ცხელებით იწყება, მას მშრალი ხველება მოჰყვება, ერთი კვირის შემდეგ სუნთქვის უკმარისობა იჩენს თავს და ზოგიერთ პაციენტს საავადმყოფოს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ესაჭიროება.

ეს სიმპტომები თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ კორონავირუსი გაქვთ, რადგან ისინი უფრო ფართოდ გავრცელებული ვირუსების, გაციების და გრიპის მსგავსია.

უმეტესი მწვავე შემთხვევებისას, კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ანთება), მწვავე რესპირატორული სინდრომი, რამდენიმე ორგანოს გათიშვა და თვით სიკვდილიც კი.

ხანდაზმულები და წინასწარ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები (ასთმის, დიაბეტის, გულის დაავადების მქონენი) უფრო მეტად არის მოსალოდნელი რომ მძიმე ფორმით დაავადნენ.

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი – ინფექციის შეყრიდან რაიმე სიმპტომის გამოვლენამდე – 14 დღემდე გრძელდება, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს. მაგრამ ზოგიერთი მკველვარი მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი შესაძლოა 24 დღეც გაგრძელდეს.

 

როგორ უნდა დავიცვათ თავი?

ჯანდაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის და მისგან თავის დაღწევისთვის არსებითია ხელების რეგულარულად დაბანა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როგორ ვრცელდება კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე, მიუხედავად ამისა, მსგავსი ვირუსები იმ წვეთებისაგან ვრცელდება, რომელსაც ხველებისას ან ცემინებისას ინფექციის მქონე ადამიანი წარმოშობს.

ასე რომ, ხველებისა და ცემინებისას ხელსახოცების გამოყენება, დაუბანელი ხელებით სახეზე შეხების არდაშვება და ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტის მორიდება მნიშვნელოვანი წინაპირობაა თავის დასაცავად.

 

რამდენად მომაკვდინებელია კორონავირუსი და როგორია უკეთესად გახდომის შანსები?

ხუთიდან 4 ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი ეყრება, მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 56 000 პაციენტზე დაკვირვებით იუწყება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად:

მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება 80%-ს

მწვავე სიმპტომები 14%-ს

6% კი კრიტიკულად ავადდება

დაავადებისაგან გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი დაბალია (1%-დან 2%-ამდე), მაგრამ მაჩვენებელი არასანდოა, წერს BBC და განაგრძობს, რომ ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ მკურნალობის პროცესშია და შესაძლოა მათგან არაერთი გარდაიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ასევე ისიც უცნობია, რამდენი მსუბუქ ფორმაში მიმდინარე ავადმყოფობა არ არის აღრიცხული – ასე რომ შესაძლოა სიკვდილიანობის პროცენტი უფრო დაბალიც კი იყოს.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ