ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

იტალიამ კორონავირუსის შესაჩერებლად 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქცია

იტალიამ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით 16 მილიონამდე ადამიანი კარანტინში მოაქცია. ყველა ვინც ლომბარდისა და 14 სხვა ცენტრალურ და ჩრდილოეთ პროვინციაში ცხოვრობს რეგიონის დატოვების და იქ შესვლის ნებართვა დასჭირდებათ. ეს წესი მილანსა და ვენეციაზეც ვრცელდება. დღემდე კარანტინი ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრებ 50 000-ამდე ადამიანს ეხებოდა.

პრემიერ მინისტრ ჯუზეპე კონტის განცხადებით, სკოლები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და სათხილამურო კურორტები დაიკეტება და „ყველა საჯარო და კერძო სივრცეში“ დაგეგმილი ღონისძიებები შეჩერდება. ასეთი რადიკალური ზომები 3 აპრილამდე გაგრძელდება.

უფრო ადრე მთავრობამ სკოლების და უნივერსიტეტების 2 კვირით დახურვის თაობაზე გამოაცხადა.

იტალია კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე მეტად დაზარალებულია ევროპის ქვეყნებს შორის. ინფექციით დაღუპულთა რაოდენობამ 230-ს გადააჭარბა და ოფიციალური ცნობებით 24 საათში 50-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, მკვეთრად იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამაც.

 

რა არის კორონავირუსის, „კოვიდ-19“-ის სიმპტომები?

 

ვირუსი სიცხით და ციებ-ცხელებით იწყება, მას მშრალი ხველება მოჰყვება, ერთი კვირის შემდეგ სუნთქვის უკმარისობა იჩენს თავს და ზოგიერთ პაციენტს საავადმყოფოს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ესაჭიროება.

ეს სიმპტომები თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ კორონავირუსი გაქვთ, რადგან ისინი უფრო ფართოდ გავრცელებული ვირუსების, გაციების და გრიპის მსგავსია.

უმეტესი მწვავე შემთხვევებისას, კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ანთება), მწვავე რესპირატორული სინდრომი, რამდენიმე ორგანოს გათიშვა და თვით სიკვდილიც კი.

ხანდაზმულები და წინასწარ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები (ასთმის, დიაბეტის, გულის დაავადების მქონენი) უფრო მეტად არის მოსალოდნელი რომ მძიმე ფორმით დაავადნენ.

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი – ინფექციის შეყრიდან რაიმე სიმპტომის გამოვლენამდე – 14 დღემდე გრძელდება, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს. მაგრამ ზოგიერთი მკველვარი მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი შესაძლოა 24 დღეც გაგრძელდეს.

 

როგორ უნდა დავიცვათ თავი?

ჯანდაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის და მისგან თავის დაღწევისთვის არსებითია ხელების რეგულარულად დაბანა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როგორ ვრცელდება კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე, მიუხედავად ამისა, მსგავსი ვირუსები იმ წვეთებისაგან ვრცელდება, რომელსაც ხველებისას ან ცემინებისას ინფექციის მქონე ადამიანი წარმოშობს.

ასე რომ, ხველებისა და ცემინებისას ხელსახოცების გამოყენება, დაუბანელი ხელებით სახეზე შეხების არდაშვება და ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტის მორიდება მნიშვნელოვანი წინაპირობაა თავის დასაცავად.

 

რამდენად მომაკვდინებელია კორონავირუსი და როგორია უკეთესად გახდომის შანსები?

ხუთიდან 4 ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი ეყრება, მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 56 000 პაციენტზე დაკვირვებით იუწყება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად:

მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება 80%-ს

მწვავე სიმპტომები 14%-ს

6% კი კრიტიკულად ავადდება

დაავადებისაგან გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი დაბალია (1%-დან 2%-ამდე), მაგრამ მაჩვენებელი არასანდოა, წერს BBC და განაგრძობს, რომ ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ მკურნალობის პროცესშია და შესაძლოა მათგან არაერთი გარდაიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ასევე ისიც უცნობია, რამდენი მსუბუქ ფორმაში მიმდინარე ავადმყოფობა არ არის აღრიცხული – ასე რომ შესაძლოა სიკვდილიანობის პროცენტი უფრო დაბალიც კი იყოს.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ