აზია, ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელ-პოლონეთის უთანხმოება – ნაცისტური გერმანიის ოფიციალური ემბლემა იქნა დახატული ისრაელში პოლონეთის საელჩოს ჭიშკარზე

გერმანიის ნაცისტური პარტიის ოფიციალური ემბლემა იქნა დახატული ისრაელში პოლონეთის საელჩოს ჭიშკარზე ერთი დღის შემდეგ, რაც პოლონეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ჰოლოკოსტის დამნაშავეთა შორის ებრაელებიც იყვნენ.

როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ, რაც ჭიშკარზე დახატული ნაცისტური სვასტიკის გარდა, სალანძღავი ლექსიკის შემცველი სიტყვები და სიტყვა „მკვლელიც“ იქნა აღმოჩენილი საელჩოს ოფიციალური შეტყობინებების დაფაზე, პოლიციამ თელ-ავივში გამოძიება დაიწყო.

პოლონეთის პრემიერ მინისტრის მატეუშ მორავეცკის კომენტარები სასტიკად იქნა დაგმობილი ისრაელის მიერ, რის შემდეგაც მან მისი პრეს-სპიკერი ქალბატონის მეშვეობით განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა განზრახული ბრალი დაედო იმ ებრაელებისადმი, რომლებიც „ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენლი გენოციდის“ მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

აღნიშნულ დაპირისპირებას წინ უძღოდა ისრაელის კრიტიკა ახალი პოლონური კანონისადმი, რომელიც პოლონური ერის ან სახელმწიფოს მიმართ ნაცისტურ დანაშაულებებში თანამონაწილეობის ბრალდებებს არაკანონიერად აცხადებს.

კანონს ხელი პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მოაწერა ხელი, მაგრამ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოსაც გადაუგზავნა განსახილველად, თუ რამდენად არის ის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

რას ეხება მორავეცკის კომენტარები?

პოლონეთის პრემიერ მინისტრმა საკამათო განცხადებები შაბათს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

მან პასუხი ისრაელელ ჟურნალისტს გასცა, რომელმაც მას ჰკითხა, რომ იქნებოდა თუ არა ნებისმიერი ის პირი მიჩნეული დამნაშავედ პოლონეთში ახალი კანონის მიხედვით, რომელიც განაცხადებდა, რომ ჰოლოკოსტში პოლონელი კოლაბორაციონისტები იყვნენ ჩართული.

მორავეცკიმ განაცხადა: „პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რა თქმა უნდა, ეს არ იქნება დასჯადი, არ იქნება განხილული როგორც კრიმინალი იმის თქმა, რომ პოლონელი დამნაშავეები იყვნენ – ისევე როგორც იყვნენ ებრაელი დამნაშავეებიც, ისევე როგორც იყვნენ რუსი დამნაშავეები, ისევე როგორც იყვნენ უკრაინელი დამნაშავეები… არა მხოლოდ გერმანელი დამნაშავეები“.

როგორ უპასუხა ისრაელმა?

შაბათს, მოგვიანებით ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პოლონელი კოლეგის კომენტარები „აღმაშფოთებელი“ იყო და აჩვენებედა „ისტორიის გაგების უუნარობას“.

კვირას იგი ამ საკითხის განსახილველად ტელეფონით ესაუბრა მორავეცკის.

როგორც BBC ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით იტყობინება, სატელეფონო საუბრისას მან „ხაზი გაუსვა, რომ ჰოლოკოსტის მიზანი იყო გაენადგურებინა ებრაელი ხალხი და რომ ყველა ებრაელი სიკვდილით დასჯას ექვემდებარებოდა“.

„მან თავის პოლონელ კოლეგას უთხრა, რომ [ისტორიის] დამახინჯება პოლონეთთან დაკავშირებით ვერ იქნება გასწორებული სხვა დამახინჯების ხერხებით“.

ამასობაში, პოლონეთის მთავრობის პრეს-მდივანმა ჯოანა კოპჩინსკიმ განაცხადა, რომ მორავეცკის მიერ მიუნხენში გაკეთებულ კომენტარებს „არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონდა განზრახული ჰოლოკოსტის უარყოფა, ან ჰოლოკოსტის ებრაელ მსხვერპლთათვის ბრალის დადება, რომელთა მიმართ ჩადენილ გენოციდზეც პასუხისმგებელი ნაცისტური გერმანიაა“.

რა წერია ახალ პოლონურ კანონში?

კანონი მბობს, რომ „ვინც არ უნდა დასდოს ბრალი საჯაროდ და ფაქტების წინააღმდეგ, პოლონელ ერს, ან პოლონურ სახელმწიფოს, რომ პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა ნაცისტურ დანაშაულებებში, რომელიც მესამე გერმანული რეიხის მიერ არის ჩადენილი… დაევქემდებარება ჯარმას ან სასჯელს 3 წლამდე პატიმრობის სახით“.

კანონში დამატებულია გაფრთხილება, რომ პირი „არ სჩადის დანაშაულს, თუკი იგი ამგვარ ქმედებას სჩადის როგორც ხელოვნების ან სამეცნიერო აქტივობების ფარგლებში“.

პოლონეთი დიდი ხანია პროტესტს აცხადებდა იმგვარი ფრაზების გამოყენებაზე, როგორიცაა „პოლონური სიკდილის ბანაკები“, რაც მიანიშნებს, რომ პოლონური სახელმწიფო რაღაცით ინაწილებდა პასუხისმგებლობას იმგვარი ბანაკების არსებობაზე, როგორიც იყო აუშვიცი. ბანაკები გემრანელებმა 1939 წლის შემდეგ, მას მერე ააშენეს, რაც პოლონეთი დაიპყრეს და მათ ოპერირებასაც თავად ახდენდნენ.

ისრაელი აღშფოთებულია ახალი პოლონური კანონით. ნეთანიაჰუმ მას ისტორიის ხელახლა გადაწერის მცდელობა და ჰოლოკოსტის უარყოფა უწოდა.

რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს?

1939 წელს პოლონეთს თავს დაესხა ნაცისტური გერმანია და მისი ოკუპაცია მოახდინა. პოლონეთის მილიონობით მოქალაქე იქნა მოკლული, მათ შორის ჰოლოკოსტს სამი მილიონი პოლონელი ებრაელი შეეწირა.

საერთო ჯამში ჰოლოკოსტის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელი გახდა.

ისრაელს გამოხატული აქვს პატივისცემა პოლონელებისადმი იმის გამო, რომ მათ, ვიდრე სხვა ერებმა, ომის დროს ებრაელებს სიცოცხლის შენარჩუნებაში დახმარება გაუწიეს.

მიუხედავად ამისა, როგორც BBC წერს, ისტორიკოსები ამბობენ, რომ პოლონელთა ერთი ნაწილი თანამონაწილე იყო იმგვარ ქმედებებში, როგორიც იყო, ჯილდოს სანაცვლოდ, სამალავებში მყოფი ებრაელების შესახებ ინფორმაციის გაცემა და მონაწილეობდა ნაცისტების მიერ წაქეზებულ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში, მათ შორის ჯედვაბნში, სადაც ასეულობით ებრაელი იქნა მოკლული თავიანთი მეზობლების მიერ.