აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა

ისრაელსა და პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, რამაც მხარეებს შორის 11-დღიანი ბრძოლები დაასრულა, რის შედეგადაც 240-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული, უმეტესობა ღაზას სექტორში.

როგორც BBC პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, 11-დღიანი კონფლიქტის პერიოდში ღაზაში სულ მცირე 232 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 100-ზე მეტი ქალი და ბავშვი. ისარელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  ღაზაში მოკლულთა შორის 150 მებრძოლია. „ჰამასს“ თავისი დაღუპული მებრძოლების რაოდენობაზე მონაცემები არ გაუვრცელებია. ისრაელში კი 12 ადამიანია მოკლული, მათ შორის 2 ბავშვი.

დაზავების ძალაში შესვლისთანავე ღაზას სექტორში მცხოვრები პალესტინელები ქუჩებში გამოვიდნენ და ზეიმი გამართეს. ისმოდა ავტომანქანების სიგნალები და შეძახილები.

მეჩეთებში ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის მეშვეობით ცხადდებოდა, რომ ეს იყო „წინააღმდეგობით მოპოვებული გამარჯვება“.  

ორივე, ისრაელიც და პალესტინაც აცხადებს, რომ კონფლიქტში გამარჯვება მათ მხარესაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა „თვითერზე“ დაწერა, რომ ღაზაზე იერიშმა „უპრეცედენტო სამხედრო მიღწევები“ მოიტანა.

ახალი ამბების სააგენტო Associated Press-ს „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ისრაელის მიერ გამოცხადებულმა ცეცხლის შეწყვეტამ პალესტინელი ხალხს „გამარჯვება“, ისრაელის პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს კი დამარცხება მოუტანა.

მოგვიანებით, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა საგანგებო შეზღუდვას აუქმებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 4300-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული, ხოლო ისრაელმა კი ღაზაში, მებრძოლთა სამიზნეებისკენ  1000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

GUARDIAN.GE