აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელმა ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცენტრალურ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც თელ-ავივის სიახლოვეს მდებარე ამ ქალაქში ისრაელელმა არაბებმა ბუნტი წამოიწყეს, რომელიც სრულმასშტაბიან არეულობებში გადაიზარდა.  

BBC-ის ცნობით, ლოდში პროტესტანტებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციელებს ქვები დაუშინეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ეკიდა ასევე, სინაგოგებს და რამდენიმე ბიზნესობიექტს. ბოლო ცნობებით, შეხლა-შემოხლისას 12-მა ადამიანმა მიიღო დაზიანებები. ლოდის მერმა მასობრივი არეულობები სამოქალაქო ომს შეადარა.  

არეულობები იყო ისრაელის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, სადაც ისრაელის მოქალაქე არაბი მოსახლეობა ცხოვრობს – ასევე, აღმოსავლეთ იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე.

ისრაელის სამხედრო ძალებსა და პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის სიღრმეში ასეულობით რაკეტა ისროლეს, ისრაელმა კი ღაზაზე მძიმე საჰაერო იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირებისას.  

საბრძოლო მოქმედებების დაწყებას წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი მზარდი დაძაბულობა, რაც იერუსალიმის ერთ-ერთ ადგილზე, რომელიც წმინდადაა მიჩნეული როგორც მუსლიმების, ასევე ებრაელებისათვის, ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის ძალადობრივმა დაპირისპირებამ გამოიწვია.

საერთაშორისო საზოგადოება ორივე მხარეს ესკალაციის დასრულებისაკენ დაჟინებით მოუწოდებს. გაეროს ახლო აღმოსავლეთის ელჩმა, ტორ უენესლენდმა განაცხადა, რომ მხარეები „სრულმასშტაბიანი ომისკენ მიექანებიან“.

GUARDIAN.GE