აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანში 76 პროტესტანტია დაღუპული – უფლებადამცველი ჯგუფი

სულ მცირე 76 პროტესტანტი მოკლეს ირანის უსაფრთხოების ძალებმა 11 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობების დროს, რაც პატიმრობაში მყოფი ქურთი ეროვნების ქალის სიკვდილმა გამოიწვია.

ნორვეგიაში დაფუძნებულმა ირანის ადამიანის უფლებებების ორგანიზაციამ ხელისუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად არაპროპორციული ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში დასდო ბრალი.

სახელმწიფო მედია „ამბოხებულებს“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 41-ს შეადგენს, მათ შორის არის უსაფრთხოების ძალების რამდენიმე წარმომადგენელი.

დაპატიმრებულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის 20 ჟურნალისტი. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაკავებულთა შორისაა ირანის ყოფილი პრეზიდენტის, აქბარ ჰაშიმი რაფსანჯანის ქალიშვილი ფაეზეჰ ჰაშიმი, რომელიც სამშაბათს უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა აიყვანეს. ჰაშიმი ირანის ისტებლიშმენტის ღია კრიტიკოსია. ირანის ოფიციალურმა პირებმა 1200-ზე მეტი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადეს.

„საპროტესტო აქციის მონაწილეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკი სერიოზულია და მომიტინგეების წინააღმდეგ ცოცხალი საბრძოლო მასალის გამოყენება საერთაშორისო დანაშაულია“, – თქვა ირანის ადამიანის უფლებებების ორგანიზაციის დირექტორმა მაჰმუდ ამირი-მოღადამმა. „მსოფლიომ უნდა დაიცვას ირანელი ხალხის მოთხოვნები მათი ძირითადი უფლებების შესახებ“.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა კი განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულია ხელისუფლების ძალადობრივი პასუხით და მოუწოდა მათ პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.

22 წლის ქურთი ქალი ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ საქეზიდან 13 სექტემბერს იმყოფებოდა დედაქალაქ თეირანში, როდესაც იგი ზნეობის პოლიციის თანამშრომლებმა მკაცრი კანონის დარღვევის ბრალდებით დააპატიმრეს, რომელიც ქალებს თმის ჰიჯაბით ან თავსაბურავით დაფარვას ავალდებულებს.

ახალგაზრდა ქალმა გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც გადაიყვანეს დაკავების ცენტრში, სადაც „უნდა გაენათლებინათ“ არსებული კანონის თაობაზე, სამდღიანი კომის შემდეგ კი იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ქალბატონი ამინი გულის უეცარი უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ მისმა ოჯახმა უარყო ეს და განაცხადა, რომ მას ოფიცრებმა სცემეს.

ზნეობის პოლიციისა და ჰიჯაბის კანონის წინააღმდეგ პროტესტი, რომელიც ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა გამოიწვია, სწრაფად გადაიქცა ყველაზე სერიოზულ გამოწვევად, რომელსაც წლების განმავლობაში აწყდებოდა ირანის შიიტური მუსლიმი სასულიერო ისტებლიშმენტი.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ნაჩვენებია ქალები, რომლებიც დემონსტრაციულად წვავენ კოცონზე თავსაბურავებს და საჯაროდ იჭრიან თმებს შეძახილებით: „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“ და „სიკვდილი დიქტატორს“ – იგულისხმება ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

ორშაბათს, საპროტესტო გამოსვლები დაფიქსირდა თეირანში და სხვა ქალაქებში, მათ შორის იაზდში, ქვეყნის ცენტრში და თავრიზსა და სანანდაჯში, ჩრდილო-დასავლეთით. 20-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მასწავლებლებმაც გაფიცვა მოაწყვეს და კლასებიდან გავიდნენ.

ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ორშაბათის მდგომარეობით 14 პროვინციაში 76 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის ექვსი ქალი და ოთხი ბავშვი, თუმცა დასძინა, რომ ინტერნეტის შეზღუდვები ცნობების გავრცელების შეფერხებას იწვევს.

35 ადამიანი მაზანდარანისა და გილანის პროვინციებშია დაღუპული – თეირანის ჩრდილოეთით და 24 ქურთებით დასახლებულ, დასავლეთ აზერბაიჯანის, ქერმანშაჰის, ქურთისტანისა და ილამის პროვინციებში.

იარნის ადამიანის უფლებების ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული ვიდეოები და გარდაცვალების მოწმობები ადასტურებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი უშიშროების ძალებმა პირდაპირ მომიტინგეებისკენ ისროლეს, რასაც ირანის ხელისუფლება უარყოფს.

ირანში მასობრივი პროტესტისა და არეულობების ფონზე, პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ „ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის ოპონენტების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღების აუცილებლობაზე“ განაცხადა.

guardian.ge