ირანში უსაფრთხოების ძალების მიერ საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის დროს 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი ირანელებს დაჰპირდა, რომ დახმარება „გზაშია“.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) იტყობინება, რომ ინტერნეტის გათიშვის მიუხედავად, ბოლო 17 დღის განმავლობაში 1850 მომიტინგის, მთავრობასთან დაკავშირებული 135 ადამიანის და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქის, ასევე ცხრა ბავშვის მკვლელობა დაადასტურა.
ირანელმა ოფიციალურმა პირმა „როიტერსს“ ასევე განუცხადა, რომ 2000 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ამაში დამნაშავეები „ტერორისტები“ არიან.
ტრამპი სამშაბათს საღამოს ირანთან დაკავშირებულ შეხვედრას დაესწრება და პირობა დადო, რომ დაღუპულთა რაოდენობის „ზუსტ“ მონაცემებს მოიპოვებს.
„მკვლელობა მნიშვნელოვანი ჩანს, მაგრამ ჯერ დანამდვილებით არ ვიცით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში დაბრუნებისას.
როგორც კი ციფრებს მიიღებს, თქვა მან, „შესაბამისად ვიმოქმედებთ“.
სამშაბათს, უფრო ადრე, ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ ირანის ხელისუფლება მკვლელობებისთვის „დიდ ფასს გადაიხდის“ და ხალხს „პროტესტის გაგრძელებისკენ“ მოუწოდა.
„მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანელ ოფიციალურ პირებთან მანამ, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება მოდის. MIGA!!!“, – დასძინა მან, გამოიყენა აშშ-ში დაფუძნებული ირანული ოპოზიციის სლოგანის, „ისევ გავხადოთ ირანი დიდებული“, აბრევიატურა.
ტრამპი განიხილავს სამხედრო და სხვა ვარიანტებს რეპრესიების საპასუხოდ და უკვე გამოაცხადა აშშ-ის მიერ 25%-იანი ტარიფების დაწესება ირანთან ვაჭრობის მქონე ნებისმიერ ქვეყანაზე.
საპროტესტო აქციები, რომელიც, როგორც ამბობენ, 31-ვე პროვინციის 180 ქალაქსა და დაბაში გავრცელდა, ირანული ვალუტის კრახსა და ფასების მკვეთრ ზრდას მოჰყვა, თუმცა ის სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნებში და 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ სასულიერო ისტებლიშმენტისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა.
GUARDIANGE

