აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანში, სამხედრო აღლუმზე 25 ადამიანი მოკლეს – ქვეყნის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ „აშშ–ის თოჯინები“ ცდილობენ „დაუცველობის და უიმედობის შექმნას“ ირანში

ირანის ლიდერებმა ბრალი დასდეს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაში, რამაც 25 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთაგან თითქმის ნახევარი „რევოლუციის მცველთა“ ჯარისკაცები არიან.

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ „აშშ–ის თოჯინები“ ცდილობენ „დაუცველობის და უიმედობის შექმნას“ ირანში.

ირანის სამხრეთ–დასავლეთ ქალაქ აჰვაზში სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა სამხედრო აღლუმზე „რევოლუციის მცველთა კორპუსის“ ჯარისკაცებს და ოფიციალურ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. მოგვიანებით, ანტი–სამთავრობო არაბულმა ჯგუფმა, „აჰვაზის ეროვნული წინააღმდეგობა“ და „ისლამურმა სახელმწიფომ“ – ორივემ განაცხადა, რომ თავდასხმის უკან იდგა, თუმცა არც ერთ ამ დაჯგუფებას არ წარმოუდგენია სამხილი, რომელიც აჩვენებდა, რომ ისინი იყვნენ თავდასხმის განმახორციელებელი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა მომხდარში ბრალი დასდო „ტერორისტებს, რომელთაც უცხოური რეჟიმი აფინანსებს“.

ირანმა დიპლომატები გამოიძახა დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და დანიიდან, ბრალს სდებს რა ამ ქვეყნებს ირანული ოპოზიციური ჯგუფებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მხარადჭერაში, იტყობინება ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო „ირნაზე“ დაყრდნობით.

„მიუღებელია, რომ ევროკავშირის მიერ ეს ჯგუფები არ არის ტერორსიტული ორგანიზაციების ჩამონათვალში იმის გამო, რომ მათ არ განუხორციელებიათ ტერორისტული თავდასხმები ევროპაში“, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბაჰრამ ყასემიმ.

რა მოხდა?

ახალი ამბების სააგენტო „ფარსის“ ცნობით, თავდასხმა შაბათს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დაიწყო და 10 წუთი გაგრძელდა და ჩანდა, რომ მასში 4 შეიარაღებული მამაკაცი იყო ჩართული. ისინი სამოქალაქო პირების მიმართულებით ისროდნენ და ცდილობდნენ თავდასხმა განეხორციელებინათ პოდიუმზე მყოფ მაღალი რანგის სამხედრო პირებზე.

(დაშავებულთაგან ასევე, სულ მცირე ერთი ბავშვია)

ახალი ამბების სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით, მოკლულთაგან არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები, რომლებიც აღლუმს უყურებდნენ.

ოფიციალური სამხედრო პირის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის არიან 4 წლის გოგონა და აღლუმზე ინვალიდის ეტლით მისული სამხედრო ვეტერანი.

ადგილობრივმა ჟურნალისტმა AFP–ს უთხრა, რომ ცეცხლი 10–15 წუთი გრძელდებოდა და თავდამსხმელთაგან სულ მცირე ერთი „რევოლუციის მცველთა კორპუსის“ სამხედრო ფრომაში იყო გამოწყობილი.

„თავდაპირველად ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს აღლუმის ნაწილი იყო, მაგრამ 10 წამის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, რადგან ოფიციალური პირების მცველებმა სროლა დაიწყეს. ყველაფერი აირია, ჯარისკაცებმა გაქცევა დაიწყეს. დავინახე როგორ ესროლეს 4 წლამდე ასაკის გოგონას და ასევე ქალს“, თქვა მან.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მოკლულია ოთხი თავდამსხმელი.

ირანი ერაყთან 1980–1988 წლების ომის დაწყებას ქვეყნის გარშემო სამხედრო აღლუმებით აღნიშნავს.

guardian.ge