აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანში, კორონავირუსით ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დაავადდა

ირანში, სადაც ბოლო დღეებში კორონავირუსმა მძლავრად იფეთქა და უკვე15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და ასევე ერთ-ერთი დეპუტატის შემოწმებამ ახალ ვირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა.

ირანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ სამიდან ერთ-ერთი ცხელი წერტილია, სადაც შიშობენ, რომ ვირუსი შესაძლოა პანდემური გახდეს.

მინისტრის მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი, ორშაბათს ვირუსის აფეთქების მასშტაბებს უარყოფდა. როგორც BBC იტყობინება, იგი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ჩანდა, რომ დისკომფორტს განიცდიდა – ოფლს იწმენდდა და შიგადაშიგ ახველებდა.

სამშაბათს გავრცელებულ ვიდეოში კი ჰარირჩიმ აღიარა, რომ მასაც ახალი კორონოვარუსი, „კოვიდ-19“ ჰქონდა.

„გასულ ღამეს სიცხე და ციებ-ცხელება მქონდა და ჩემმა წინასწარმა ტესტმა შუაღამისას პოზიტიური შედეგი აჩვენა. მას შემდეგ, მე საკუთარი თავის იზოლირება მოვახდინე… და ახლა მკურნალობას ვიწყებ.

„მომავალ რამდენიმე კვირაში ჩვენ უეჭველად გავიმარჯვებთ ამ ვირუსის წინააღმდეგ“, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამშაბათს, ირანის პარლამენტის წევრმა, მაჰმუდ სადეღიმ, ქვეყნის დედაქალაქ თეირანიდან ასევე განაცხადა, რომ მისმა ტესტირებამ ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

ირანმა ინფექციის 95 შემთხვევა დაადასტურა, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური მონაცემები უფრო მაღალია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ირანში შემთხვევების უეცარი ზრდა „ღრმად შემაშფოთებელია“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სამშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ ირანმა შესაძლოადამალა „მნიშვნელოვანი დეტალები“ ვირუსის აფეთქების შესახებ და დაჟინებით მოუწოდა  ყველა სახელმწიფოს „სიმართლე თქვან კორონავირუსის შესახებ“.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსისაგან ირანში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე სადმე სხვაგან. ორ ქვეყანას ერთმანეთთან მძლავრი სავაჭრო კავშირები აქვს.

სხვა ქვეყნები, რომლებიც ყურადღების ცენტრში არიან, სამხრეთ კორეა და იტალიაა, სადაც ბოლო დღეებში ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. იტალიაში უკვე 320-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა რიცხვი იტალიაში უკვე 10-ს შეადგენს.

ახალი კორონავირუსით, რომელმაც  გასული წლის ბოლოს ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში იფეთქა, უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80,000-ზე მეტია ადამიანია დაავადებული. დაახლოებით 2,700 ადამიანი დაიღუპა, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთში.

ირანში შექმნილი მდგომარეობა – ვითარება იმ ქვეყანაში, რომლის წმინდა ადგილები ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს იზიდავს – და რეგიონში არსებული სიტუაცია, სადაც რამდენიმე ქვეყანას სუსტი ჯადაცვის სისტემები აქვს, ახლო აღმოსავლეთში კორონოვარისუსის პოტენციური მასობრივი აფეთქების მხრივ დიდი შეშფოთების საგანი გახდა.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ