აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანმა აშშ-ის სანქციებს „ეკონომიკური ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ვაშინგტონთან მანამ, სანამ სანქციები არ მოიხსნება

ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს „ეკონომიკური ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან მანამ, სანამ სანქციები არ მოიხსნება. ოფიციალური თეირანის განცხადებას წინ უძღოდა ვაშინგტონის შეთავაზება, რომ იგი ირანთან მოლაპარაკებებს გამართავდა წინაპირობების გარეშე, თუკი თეირანი თავის ქცევას შეცვლიდა.

„ეკონომიკური ტერორიზმი ირანის წინააღმდეგ უდანაშაულო ადამიანებს ურტყამს. როგორც ამ პატარა ბიჭუნას, რომლის გულმოკლული დედაც ვერ ყიდულობს მისთვის ფეხების პროთეზს, რადგან ისინი სანქციებს ექვემდებარება“, დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა „თვითერზე“ და თავის განცხადებას ქალის ვიდეოკლიპი დაურთო, სადაც ის ამბობს, რომ ფეხის პროთეზი, რომელიც მის ვაჟს ესაჭიროება, სანქციების ქვეშაა მოქცეული.

„ეს არის დონალდ ტრამპის ეკონომიკური ომი. და ომი და მოლაპარაკებები – წინაპირობებით თუ წინაპირობების გარეშე – ერთმანეთში არ ჯდება“, აღნიშნა ზარიფმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კვირას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის ჩაერთოს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში წინაპირობების გარეშე, მაგრამ მანამდე, პირველ რიგში, უნდა დაინახოს, რომ  ირანი იქცევა, როგორც „ნორმალური სახელმწიფო“.

ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის დაძაბულობა გასულ თვეს გაძლიერდა, ერთი წლის შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ცალმხრივად გამოვიდა ირანთან საერთაშორისო ბირთვული  შეთანხმებიდან, რომელიც 2015 წელს ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივმოქმედი წევრისა და გერმანიის მიერ ერთობლივად იქნა მიღწეული და რომელიც თეირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის განვითარების შეჩერებას ავალდებულებდა.

ვაშინგტონმა გასულ წელს ხელახლა დაუწესა თეირანს სანქციები, აპრილში კი გაამკაცრა ზომები და მოსთხოვა ყველა ქვეყანას შეეჩერებინათ ირანული ნავთობის იმპორტი. ამავე დროს, პენტაგონმა რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა იმ მოტივით, რომ ირანული საფრთხეები შეეკავებინა.

თავის მხრივ ირანი დაიმუქრა, რომ გაზრდიდა გამდიდრებული ურანის წარმოებას იმ შეზღუდვების მიღმა, რომელიც ბირთვული შეთანხმებით იყო მიღწეული, თუმცა მას ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.

guardian.ge