აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანის ყველაზე მაღალი რანგის ბირთვული მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს

ირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე მაღალი რანგის მეცნიერს, მოჰსენ ფახრიზადეს დედაქალაქ თეირანის ახლოს, აბსარდში, ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს, ჭრილობები მიაყენეს და იგი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა მკვლელობა შეაფასა, „როგორც სახელმწიფო ტერორისტული აქტი“.

დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს სჯერათ, რომ ფახრიზადე ირანის ბირთვული პროგრამის უკან იდგა. „თუკი ირანი ოდესმე ურანის გამდიდრებას ბირთვულ შეიარაღებას მოაყოლებდა, ფახრიზადე ირანული ბომბის მამად იქნებოდა ცნობილი“, უთხრა ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“ 2014 წელს, როგორც ამას BBC იტყობინება.

ირანი დაჟინებით ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ახორციელებს, მაგრამ მთავარი მეცნიერის მკვლელობამ ახალი წუხილები წარმოშვა იმის შესახებ, რომ ქვეყანას უკვე გამდიდრებული ურანის დიდი რაოდენობა აქვს შექმნილი.

გამდიდრებული ურანი მნიშვნელოვანი კომპონენტია როგორც სამოქალაქო ბირთვული ენერგიის, ისე სამხედრო ბირთვული შეიარაღებისთვის.

2015 წელს, მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანთან შეთანხმების საფუძველზე მიაღწია ურანის გამდიდრების შეზღუდვას, მაგრამ 2018 წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტი ტრამპი ცალმხრივად გამოვიდა ხელშეკრულებიდან, თეირანმა გაორმაგებული ძალებით განაგრძო ურანის გამდიდრება.

გასული წლის ივლისში, ირანმა გამოაცხადა, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების დარღვევის გამო ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ გაითვალისწინებს და დაიწყებს ურანის გამდიდრებას 3.67%-ზე მეტი კონცენტრაციით, რათა ბუშეჰრის ბირთვული ქარხანა საწვავით უზრუნველყოს.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საჯაროდ დადო პირობა, რომ ირანთან კვლავ მიაღწევს შეთანხმებას, მიუხედავად ისრაელის მხრიდან ხანგრძლივი წინააღმდეგობისა.

2010-2012 წლებში ბირთვულ პროგრამაში ჩართული 4 ირანელი მეცნიერი მოკლეს და ირანმა ამ მკვლელობებში ბრალი ისრაელს დასდო.

როგორც BBC შენიშნავს, ფახრიზადეს სახელი განსაკუთრებით იქნა მოხსენიებული 2018 წლის აპრილში ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ პრეზენტაციისას. ისრაელს მკვლელობის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. „როიტერსის“ ცნობით, პენტაგონმაც უარი თქვა კომენტარზე.

რა მოხდა და როგორია რეაქცია?

ირანის თავდაცვის საამინისტროს მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „შეიარაღებულმა ტერორისტებმა მიზანში ამოიღეს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაჰყავდა მოჰსენ ფახრიზადე, სამინისტროს კვლევისა და ინოვაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ტერორისტებსა და მის მცველებს შორის შეტაკებისას, ბატონმა ფახრიზადემ სერიოზული დაზიანებები მიიღო და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამედიცინო გუნდის ძალისხმევა, გადაერჩინათ მისი სიცოცხლე, სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა და რამდენიმე წუთში იგი გარდაიცვალა“.

ირანული მედია წერს, რომ თავდამსხმელებმა მეცნიერის მანქანაში გახსნეს ცეცხლი. უფრო ადრე, ახალი ამბების სააგენტო „ფარსი“ იტყობინებოდა, რომ ქალაქ აბსარდში აფეთქება მოხდა და თვითმხილველთა თქმით, „მოკლული იქნა სამიდან ოთხამდე პირი, რომლებიც, როგორც ითქვა, ტერორისტები იყვნენ“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა „თვითერზე“ დაწერა: „ტერორისტებმა დღეს ცნობილი ირანელი მეცნიერი მოკლეს. ეს ლაჩრობა – ისრაელის როლის სერიოზული ნიშნებით – დამნაშავეთა სასოწარკვეთილ ომის გამჩაღებლობას აჩვენებს“.

ზარიფმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას „დაგმონ ეს სახელმწიფო ტერორისტული აქტი“.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა განაცხადა, რომ ირანი მეცნიერის მკვლელობას შურისძიებით უპასუხებს.

„ბირთვული მეცნიერების მკვლელობა ყველაზე მკაფიო დარღვევაა გლობალური ჰეგემონიის, რისი მიზანიცაა ხელი შეგვიშალონ თანამედროვე მეცნიერებებზე წვდომაზე“, განაცხადა გენერალმა ჰუსეინ სალამიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა დირექტორმა, ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ მეცნიერის მოკვლა „დანაშაული“ და „უაღრესად უგუნური“ ქმედებაა, რაც რეგიონში კონფლიქტის გაჩაღების რისკებს წარმოშობს. „თვითერზე“ მან დაწერა, რომ ირანელი მეცნიერის სიკვდილი „სასიკვდილო შურისძიებისა და რეგიონული კონფლიქტის ახალი ციკლის რისკებს ქმნის“. ბრენანმა დაამატა, რომ მან არ იცის „უცხო მთავრობის სანქცირებით თუ უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ფახრიზადეს მკვლელობა“.

GUARDIAN.GE