აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანის საპარლამენტო არჩევნებში დასავლეთთან დათმობების მოწინააღმდეგე კანდიდატები იმარჯვებენ

ირანის საპარლამენტო არჩევნებში დასავლეთთან დათმობების მოწინააღმდეგე კანდიდატები უმრავლესობით იმარჯვებენ და როგორც ჩანს, ისინი შეძლებენ პრეზიდენტის პოსტის ხელში ჩაგდებასაც, მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა აიძულოს ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებთანმოლაპარაკებაში ჩაბმაზე, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.

თეირანმა გამორიცხა ნებისმიერი მოლაპარაკება ვაშინგტონთან, თუკი ეს უკანასკნელი არ მოხსნის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ხელახლა დაწესებულ უმკაცრეს სანქციებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ერთპიროვნულად გამოვიდა 2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან და მოითხოვა უფრო ფართო ხასიათის შეთანხმება. მაგრამ, როგორც „როიტერსი“ წერს, მძიმე ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე შექმნილმა მზარდმა უკმაყოფილებამ, რამაც ბევრ ირანელს პარასკევს გამართული საპარლამენტო არჩევნებისგან თავის შორს დაჭერისკენ უბიძგა, შესაძლოა აიძულოს ისლამური რესპუბლიკის სასულიერო ლიდერები კონფრონტაციის ნაცვლად, რომელმაც იანვარში ქვეყანა თითქმის ომამდე მიიყვანა, არჩევანი დიპლომატიის სასარგებლოდ გააკეთონ.

საკითხში გათვითცნობიერულმა ირანის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შესაძლოა „ფინჯანი საწამლავის“ დალევა მოუწიოს – ფრაზა, რომელიც მისმა წინამორბედმა აიათოლა რუჰოლა ხომენეიმ გამოიყენა, როდესაც იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შუამავლობით წარმართული მოლაპარაკებების შედეგად ზავის დადებას დათანხმდა, რამაც 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის დასასრულს დაუდო სათავე.

ირანის სასულიერო და რესპუბლიკური ორსახოვანი სისტემის მმართველობა გადამწყვეტ ძალაუფლებას უკომპრომისო ისტებლიშმენტის ხელში აქცევს, რომელმაც წარსულში თავისი მარწუხები მაკონტროლებელ აპარატურას მოუჭირა, როცა შიდა და გარე საფრთხეების წინაშე დადგა.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს არ გააჩნია დიდი გავლენა საგარეო საქმეებსა თუ ბირთვულ პოლიტიკაზე, რომელიც ხამენეის ექვემდებარება, პარასკევის არჩევნებში გამარჯვებამ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხისტ ძალებს საარჩევნო კამპანიისას უფრო მძლავრ პლატფორმას უქმნის, შესაძლოა მომავლი წლების ირანის პოლიტიკა შეცვალოს.

„უკოპრომისო ძალებს თვალი პრეზიდენტობაზე უჭირავთ“, განუცხადა ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა „როიტერსს“, თუმცა პოლიტიკური მგრძნობელობიდან გამომდინარე, თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

„საპრეზიდენტო არჩევნებში უკომპრომისოთა გამარჯვებამ, მზარდ ეკონომიკურ სიძნელეებთან ერთად, შესაძლოა, ირანსა და ამერიკას შორის ახალი ეპოქის დაწყებას დაუდოს სათავე“, თქვა ოფიციალურმა პირმა.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ