აზია, ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის „ვაჭარ“ პრეზიდენტს და დასავლეთს „უფლება არ აქვთ“ ირანის ბირთვული შეთანხმება ხელახალი მოლაპარაკებების საგნად აქციონ

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევების ლეგიტიმაცია მის ქვეყანასთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შეცვლასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ მათ „უფლება არ აქვთ“ შვიდი მხარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხელახალი მოლაპარაკებების და განხილვების საგნად აქციონ.

მან შეერთებული შტატების პრეზიდენტს, „ვაჭარი“ უწოდა და თქვა, რომ მას გლობალურ ხელშეკრულებებზე კომენტარის კვალიფიკაცია არ გააჩნია.

„თქვენ არავითარი ბიოგრაფია არ გაქვთ პოლიტიკაში. არავითარი წარსული არ გაქვთ სამართალში. არავითარი წარსული არ გაქვთ საერთაშორისო შეთანხმებებში“, განაცხადა რუჰანიმ ტრამპის შესახებ საუბრისას სატელევიზიო მიმართვაში და დაამატა:

„როგორ შეიძლება ვაჭარი, კომერსანტი, მშენებელი, კოშკის მშენებელი საერთაშორისო საქმეებზე მსჯელობდეს?“

რა უძღოდა წინ რუჰანის განცხადებას? 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ფრანგი კოლეგა, ემანუელ მაკრონი მინიშნებას აკეთებენ, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შესაძლოა ახალი შეთანხმება შედგეს.

ვაშინგტონში მყოფმა მაკრონმა განაცხადა, რომ ახალმა შეთანხმებამ უნდა მოიცვას ირანის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამა და მისი როლი ახლო აღმოსავლეთში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მაკრონთან მოლაპარაკებებს შესანიშნავი უწოდა და თქვა, რომ „გაცილებით მეტის გაკეთებაზე, შესაძლოა, შეთანხმებაზეც კი“ მიდგეს ჯერი.

მან აღნიშნა, რომ 2015 წელს ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე ხელისმომწერ მხარეებს „უნდა შეექმნათ შეთანხმება, რომელიც დაფარავდა იემენს, სირიას და ახლო აღმოსავლეთის სხვა ნაწილებს“. ობამას ეპოქის შეთანხმებას კი ტრამპმა „საშინელება“ და „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

მაკრონი დათანხმდა, რომ თეირანის გავლენა რეგიონში მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალმა შეთანხმებამ – ირანის ბირთვული პროგრამის შემდგომი ათწლეულის განმავლობაში კონტროლთან ერთად, როგორც ეს ამჟამინდელ შეთანხმებაშია მოცემული – ასევე უნდა მოიცვას თეირანის გრძელვადიანი ბირთვული აქტივობები, ისევე როგორც მისი ბალისტიკური სარაკეტო პროგრამა.

მაკრონმა განაცხადა, რომ მან ტრამპთან ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი სირიაში „ახალი სტრუქტურის“ შექმნის შესახებ ისაუბრა.

ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ არ იცის გააგრძელებს თუ არა ტრამპი 12 მაისს, ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ტრამპთან „ერთი ერთზე ძალიან გულწრფელი განხილვა ჰქონდა ამ საკითხის“.

ტრამპმა გააფრთხილა ირანი „დიდი პრობლემების“ შესახებ, თუკი ის განაახლებს ბირთვულ პროგრამას, რომელიც მან 2015 წელს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე შეაჩერა.

უფრო ადრე, თეთრ სახლში საუბრისას, სადაც ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მასპინძლობდა, ამერიკის პრეზიდენტმა ირანის ბირთვულ შეთანხმებას „საშინელება“ და “აღმაშფოთებელი“ უწოდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმუქრება, რომ 12 მაისისთვის, როცა კონგრესში დოკუმენტის ხელახალი რატიფიკაციის ბოლო ვადა იწურება, ობამას პრეზიდენტობისას ირანთან დადებული შეთანხმების გაგრძელებაზე უარს იტყვის.

აშშ-ში მყოფი მაკრონი კი ტრამპთან ირანის ბირთვული შეთანხმების გაგრძელების ლობირებას ახდენს. როგორც მაკრონმა პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ტრამპის საყვარელ ტელეარხს, Fox News-ს უთხრა, აშშ უნდა დარჩეს შეთანხმებაში და „გეგმა ბ“ არ არსებობს.

პარასკევს ვაშინგტონში ევროკავშირის მეორე მსხვილი მოთამაშე ქვეყნის, გერმანიის ლიდერი, კანცლერი ანგელა მერკელიც ჩადის და ისიც შეეცდება ტრამპის დარწმუნებას, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება არ შეიცვალოს.

„არ იქნება ასე ადვილი მათთვის ხელახლა დაწყება“, განაცხადა ტრამპმა ოვალურ ოფისში ორშაბათს, როცა ჟურნალისტმა მას ირანის ბირთვული პროგრამის განახლების შესაძლებლობაზე ჰკითხა იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმება შეჩერდება.

„ისინი ვერ შეძლებენ რაიმეს განახლებას. დაიწყებენ მას? ექნებათ დიდი პრობლემები, უფრო დიდი, ვიდრე მათ მანამდე ოდესმე ჰქონიათ.

„და თქვენ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ – დაიწყებენ, თავიანთ ბირთვულ პროგრამას?, მათ ექნებათ უფრო დიდი პრობლემები, ვიდრე მანამდე ოდესმე ჰქონიათ“.

მან დაამატა: „ჩვენ არ დავუშვებთ გარკვეული რაღაცები მოხდეს, რაც ხდება. ირანის შეთანხმება საშინელებაა. ისინი ცდიან რაკეტებს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“

ტრამპის უმკაცრეს ტონს და გაფრთხილებებს წინ უძღოდა წინა დღით ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის მუქარა „მძიმე შედეგების“ შესახებ, თუკი შეერთებული შტატები გამოვიდოდა ბირთვული შეთანხმებიდან.

რუჰანის არ დაუკონკრეტებია თუ რა იქნება საპასუხო ზომები, მაგრამ მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ სავარაუდო პასუხი შესაძლოა ურანის – ბომბის შექმნისთვის მთავარი ინგრედიენტის – გამდიდრება იყოს.

შეთანხმების თანახმად, თეირანმა თანხმობა განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციების შერბილების სანაცვლოდ, შეაჩერებდა ბირთვულ პროგრამას, რაც თეირანის მტკიცებით, მშვიდობიანი სამოქალაქო მიზნებისთვის ხორციელდებოდა.

ტრამპი კი დიდი ხანია გამოხატავს წუხილს, რომ ბირთვულ შეთანხმებას, რომელსაც ხელი შეერთებულმა შტატებმა, ირანმა, ევროპამ, რუსეთმა და ჩინეთმა მოაწერა, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ შეჩერებულიყო ირანის მხარდაჭერა რეგიონში მოქმედი მებრძოლთა ჯგუფებისადმი, მაგალითად „ჰეზბოლასადმი“.

როგორც BBC იუწყება, ემანუელ მაკრონი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობისას თეთრ სახლში სახელმწიფო ვიზიტის რანგში იქნა მიღებული. მაგრამ ირანის შეთანხმება არ არის ერთადერთი საკითხი, რაც ორი მსოფლიო ლიდერის განხილვის თემა იქნებოდა. მათი სხვა მთავარი განსახილველი საკითხები ასევე, პარიზის კლიმატის შეთანხმება, აშშ-ის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით და ევროკავშირის ფოლადსა და ალუმინზე აშშ-ის დაგეგმილი ტარიფებიცაა.

შეხვედრისას მაკრონი ფრანგულად საუბრობდა და შემდეგ თარგმნიდა ინგლისურ ენაზე. მან თქვა: ირანის შეთანხმება მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გაცილებით ფართო სურათი, რაც არის უსაფრთხოება მთელ რეგიონში“.

„ის, რაც ჩვენ გვინდა, ესაა შევაკავოთ ირანი რეგიონში“.

ერთხანს, შეხვედრისას ტრამპმა მაკრონს მხრიდან „ქერტლი“ მოაცილა.

„ჩვენ ნადვილად გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა“, უთხრა ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. ამის შემდეგ იგი მაკრონისკენ მიბრუნდა და მხარზე თითი არაერთხელ გადაუსვა.

„ფაქტობრივად, მე ქერტლის მცირე ნაწილაკი მოვაცილე. მცირე ნაწილაკი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ის შესანიშნავად გამოიყურებოდეს. ის ჩინებულია“, თქვა ტრამპმა, რომელიც მაკრონს და მის მეუღლეს თეთრ სახლში სამხედრო ცერემონიის თანხლებით და 21-ჯერ გასროლილი სალუტის ფონზე დახვდა. ამერიკის პრეზიდენტმა საფრანგეთს აშშ-ისა და ბრიტანეთთან ერთად სირიაში საჰაერო იერიშებში ჩართვისათვის მადლობა გადაუხადა.

სამშაბათ საღამოს კი თეთრმა სახლმა მაკრონს და მის მეუღლეს ოფიციალურ სახელმწიფო ვახშამზე უმასპინძლა. სუფრაზე ცხვრის კერძი, ჯამბალაია და კაჯუნის ტრადიციული ხორცის ჩაშუშული იყო.

GUARDIAN.GE