აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ირანის მიმართ აშშ-ის „ყველაზე მძლავრი“ სანქციები ამოქმედდა

შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს ირანზე თავისი „ყველაზე მძლავრი“ სანქციები აამოქმედა, რასაც ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

ტრამპის ადმინისტრაციამ ხელახლა დააწესა ყველა ის სანქცია, რაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში იყო მოხსნილი, ეს კი არა ამარტო ირანს აქცევს მარწუხებში, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მასთან ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებში იმყოფებიან.

სანქციები დარტყმას აყენებს ნავთობის ექსპორტს, საზღვაო გადაზიდვებს და ბანკებს – ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს.

ათასობით ირანელი გამოვიდა კვირას ქუჩებში და გაჰყვიროდა „სიკვდილი ამერიკას“.

როგორც BBC იუწყება, ორშაბათს და სამშაბათს ირანის არმია საჰაერო თავდაცვის ძალების წვრთნებს ჩაატარებს, რომ ხაზი გაუსვას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებს.

დემონსტრაცია თეირანში შეერთებული შტატების საელჩოს ოკუპაციის 39-ე წლისთავზე გაიმართა. 1979 წლის მოვლენებმა ორმხრივ მტრობას დაუდო საფუძველი, რაც დღემდე გრძელდება.

კონგრესის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დემონსტრაციაზე გამგზავრებამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით ირანი უკვე წნეხის ქვეშ არის მოქცეული.

„ირანის სანქციები ძალიან მძლავრია. ეს არის ყველაზე ძლიერი სანქციები რაც კი ჩვენ ოდესმე დაგვიწესებია. და ჩვენ დავინახავთ რა მოხდება ირანთან მიმართებაში. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი არ იქნებიან წარმატებულნი“.

ვაშინგტონმა თეირანს ხელახლა დაუწესა სანქციები მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისში ტრამპი 2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოვიდა – ნაბიჯი, რამაც შეთანხმებაში თანამონაწილე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი გაანაწყენა.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით მას სურს შეაჩეროს ირანის „ბოროტული“ ქმედებები, მათ შორის კიბერ თავდასხმები, ბალისტიკური სარაკეტო გამოცდები და ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში.

რა გავლენას იქონიებს სანქციები?

შეერთებული შტატები თანდათანობით აწესებდა ხელახალ სანქციებს, მაგრამ ანალიტიკოსების განცხადებით, ბოლო ტალღა ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანია.

სანქციების სიაში ახლა უკვე 700-ზე მეტი ინდივიდი, ორგანიზაცია, საზღვაო და საჰაერო ხომალდი, ასევე მთავარი ბანკები, ნავთობის ექსპორტიორები და საზღვაო კომპანიები არიან შეყვანილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების საფრთხის მოლოდინში 100-ზე მეტმა დიდმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა ირანი. მან ასევე თქვა, რომ ირანული ნავთობის ექსპორტი 1 დღეში ერთი მილიონი ბარელით დაეცა, რადა ნავთობი ირანის ბიუჯეტის შევსების მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ამასთან, მოელიან, რომ ბრიუსელში ბაზირებული Swift-ის ქსელი, რომელიც საერთაშორისო გადახდებს უზრუნველყოფს, თავის კავშირებს გაწყვეტს ირანის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებთან, რითაც თეირანის საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან იზოლაციას მოახდენს.

როგორია ევროკავშირის ქვეყნების რეაქცია?

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა – რომლებიც იმ ხუთ ქვეყანას შორის არიან, ვინც ბირთვული ხელშეკრულების გაგრძელებას ემხრობა – სანქციების წინააღმდეგ გაილაშქრა.

მათ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ ევროპულ ფირმებს, რომლებიც „კანონიერ ბიზნესს“ აწარმოებენ ირანთან და დააფუძნეს ალტერნატიული გადახდის მექანიზმი, რაც დაეხმარება კომპანიებს ივაჭრონ ისე, რომ აშშ-ის დაჯარიმების საფრთხე გამორიცხული იყოს.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირის ამ ნაბიჯმა შეძლოს ირანზე დაწესებული სანქციების გავლენის მატერიალურად შემსუბუქება.

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ აშშ-ის „აგრესიული“ სამიზნე იქნება ნებისმიერი ფირმა და ორგანიზაცია, რომლებიც ამერიკის „სანქციებს თავს აარიდებს“.

ვინ არიან გამონაკლისები?

ტრამპის ადმინისტრაციამ გამონაკლისი დაუშვა 8 ქვეყნისთვის, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ განაგრძონ ირანული ნავთობის იმპორტი, თუმცა მას ეს ქვეყნები არ დაუსახელებია.

გავრცელებული ცნობით, ამ 8 ქვეყანაში შედიან აშშ-ის მოკავშირეები – იტალია, იაპონია და სამხრეთ კორეა – თურქეთთან, ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად.

პომპეომ განაცხადა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა უკვე „მნიშვნელოვნად შეამცირეს თავიანთი ნედლი ნავთობის ექსპორტი“, მაგრამ საჭიროა „ცოტა მეტი დრო, რომ ის ნულამდე დავიდეს“.

მან თქვა, რომ ორი ქვეყნა საბოლოოდ შეაჩერებს იმპორტს და სხვა 6 კი დიდწილად შეამცირებს მას.

როგორია რეაქცია ირანში?

აშშ-ის სანქციები დროში ემთხვევა 1979 წლის 4 ნოემბერს, თეირანში შეერთებული შტატების საელჩოს ალყას, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერილი შაჰის ჩამოგდებიდან მალევე დაიწყო.

52 ამერიკელი 444 დღის განმავლობაში იყო მძევლად აყვანილი თეირანში მდებარე აშშ-ის საელჩოში. მას შემდეგ ამერიკა და ირანი ერთმანეთის მიმართ მტრულ სახელმწიფოებად რჩებიან.

რადიკალური პოლიტიკის გატარების მომხრეები ყოველ წელიწადს იკრიბებიან ალყის აღსანიშნავად, მაგრამ კვირას აშშ-ის საელჩოსთან შეკრებილმა პროტესტანტებმა სანქციების გამოც გამოხატეს სიბრაზე.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის ქალაქებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში და ისინი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი ერთგულებას იფიცებდნენ, თუმცა როგორც BBC წერს, მან დამოუკიდებლად ვერ შეძლო ამ ოდენობის ადამიანების დაფიქსირება.

დემონსტრაციების გამართვამდე, შაბათს, ხამენეიმ თავის მრისხანე სიტყვაში გააფრთხილა ამერიკა, რომ იგი „ხელახლა ვერ დაამყარებს დომინანტობას“, რაც მას ირანზე 1979 წლამდე ჰქონდა.

guardian.ge