ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანის მიერ ბრიტანული ხომალდის შეპყრობის გამო დიდმა ბრიტანეთმა თეირანი „სერიოზული შედეგების“ თაობაზე გააფრთხილა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად არის შეშფოთებული“ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერის შეპყრობით.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა გააფრთხილა ოფიციალური თეირანი „სერიოზული შედეგების“ თაობაზე, თუკი მდგომარეობა სწრაფად არ იქნება გადაწყვეტილი.

ირანმა განაცხადა, რომ გემმა „საერთაშორისო საზღვაო წესები დაარღვია“.

ბრიტანეთის კუთვნილი ლიბერიის დროშით მცურავი მეორე გემი „MV Mesdar“-იც იქნა დაკავებული შეიარაღებული პირების მიერ, მაგრამ ის გაათავისუფლეს.

როგორც BBC ახალი ამბების ნახევრად ოფიციალურ სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით იტყობინება, „The Stena Impero“ პარასკევს ირანის რევოლუციის მცველთა მიერ იქნა შეპყრობილი.

ხომალდის მფლობელმა „სტენა ბალკმა“ განაცხადა, რომ ის „სრულად იცავდა ყველა სანავიგაციო და საერთაშორისო რეგულაციებს“ და მას იმ დროს მიუახლოვდნენ, როდესაც იგი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა.

ჰანტმა განაცხადა, რომ ტანკერი ოთხი საზღვაო ხომალდით და ვერტმფრენით იქნა გარშემორტყმული და ირანული ტერიტორიული წყლებისკენ იქნა მიმართული.

„სტენა ბალკის“ განცხადებით, შეპყრობილ გემზე ეკიპაჟის 23 წევრი იმყოფებოდა – ინდოელები, რუსები, ლატვიელები და ფილიპინელები. მათი დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კრიზისისთვის პასუხის გასაცემად დიდი ბრიტანეთის მთვარობის საგანგებო კომიტეტი „კობრა“ პარასკევს ვაითჰოლში ორჯერ შეიკრიბა.

ჰანტმა, რომელიც „კობრას“ სხდომას ესწრებოდა, ხომალდის შეპყრობას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა: „ჩვენ აბსოლუტურად მკაფიონი ვართ, რომ თუკი მდგომარეობა სწრაფად არ იქნება გადაწყვეტილი, სერიოზულ შედეგებს ექნება ადგილი. ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო არჩევანს. ჩვენ დიპლომატიურ გზებს ვეძებთ სიტუაციის გადასაწყვეტად, მაგრამ ძალიან მკაფიონი ვართ, რომ ის უნდა გადაწყდეს“.

guardian.ge