საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩევლის თანამდებობაზე ვაზილ ჰუდაკი წარადგინა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.


„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ, ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი. მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ასევე, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ის იყო ევროპის საინვეტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ხშირად სტუმრობდა საქართველოს. ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. იგი კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად.

ვაზილ ჰუდაკმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანა არის ჩვენი ახალი, ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური, საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ასევე, საერთაშორისო სამეწარმეო ეკონომიკურ სუბიეტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან.

ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროში ევროპის პოლიტიკას ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს პოლიტიკა სწორედ ვაზილ ჰუდაკის ხედვითა და პროფესიული რჩევებით განხორციელდება. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო შეთავაზების მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც ახლა სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მისი ამოცანაა, ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის, უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი ყურადღებას გაამახვილებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ისე – საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.