საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ, რომელიც 5-წლიანი იქნება და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი

ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ, რომელიც 5-წლიანი იქნება და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიასა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია -რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები, არსებული კი, განახლდება.

„მე მინდა რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი და გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც დღეს ოფიციალურად დავიწყებთ, დავაანონსებთ. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროგრამა. 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები, განახლდა ცენტრები, მოეწყო სკვერები და ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული. ამ პროგრამისთვის, გახსოვთ, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი გამოვყავით. ჯერ კიდევ გრძელდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა და ახლა ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, – ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა, რომელიც იქნება 5-წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია, მე მინდა გაცნობოთ ამის თაობაზე, – ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოებს ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე. ამის თაობაზე უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად, შემუშავდება კონცეფციები, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს მუშაობას აქტიურად ამ პროგრამის განხორციელებაზე, შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს. ჩაუტარდება შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, განახლდება, ისევე როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები. აი, ეს არის ჩვენი გეგმა. როგორც მოგახსენეთ, 200 მილიონი ლარი გამოიყოფა წელსვე. სამუშაოებს დაიწყებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ძალიან მალე ვიხილავთ შედეგებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე და ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ და ოპტიმისტურ მონაცემებზე.

„მინდა რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გაცნობოთ. ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები. მაგალითად, პირველ კვარტალში 1 200 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია. თუ შევადარებთ გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდს, ესაა თითქმის 110%-იანი მატება. ასევე ვაჭრობა იზრდება, – პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში, ექსპორტის 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა და შეადგინა 1. 461 მილიარდი დოლარი, რაც პირველი კვარტალის რეკორდულ მოცულობას გაუტოლდა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას ყურადღება ასევე გაამახვილა ფასების დარეგულირებაზე და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე, ფასების კლებაზე. ფასებმა დაიწია მნიშვნელოვნად საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოჰყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და, როგორც მოგახსენეთ, ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების კეთება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე.

„მინდა მოკლედ განახლებული ინფორმაცია მოგახსენოთ. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც გვინდა, რომ ჩვენ დავიწყოთ შემოდგომაზე.

ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. ეს არის მრავალასეულმილიონიანი ინვესტიცია.

და რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე განახლებულ ინფორმაციებს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.