საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი – უმთავრეს ეროვნულ დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება

მივესალმები ქალბატონ პრეზიდენტს,

ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს,

მთავრობისა და პარლამენტის წევრებს,

სასამართლოების თავმჯდომარეებს,

საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მეუფე შიოს,

ჩვენს პატივცემულ ელჩებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს,

მივესალმები ჩვენს ხალხს და ჩვენს საამაყო ჯარს.

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,  გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.

დღეს ჩვენი  ქვეყნის მოქალაქენი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, ჩვენს ნამდვილ  მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ისტორიის სრულიად განსაკუთრებულ, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ვზეიმობთ – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 105 წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

უმთავრეს ეროვნულ  დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე და სამშობლოს თავისუფლება ეროვნულ სიამაყესთან, პირად ღირსებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.

განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ  დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.

განსაკუთრებით გილოცავთ ჩვენო საამაყო წვევამდელებო, ვინც ამ განსაკუთრებულ დღეს დადეთ სამშობლოს ერთგულების ფიცი;

მე ასევე მადლიერების გრძნობით ვულოცავ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. მათი თანადგომა ჩვენთვის  ფასდაუდებელია.

ძვირფასო მეგობრებო, დღეს სიამაყით ვიხსენებთ ყველას, ვინც თაობიდან თაობას გადასცემდა თავისუფლების სიყვარულს; კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოსთვის გაიღო მსხვერპლად.

­­­­­­­­­­­­1918 წლის 26 მაისს ქართველებმა მტკიცედ და ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ გვსურს კვლავ ,,დავდგეთ ერად  სხვა ერთა შორის”.

პირველი დამოუკიდებლობა მართალია ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი შემდგომი განვითარებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის აღმოჩნდა.

ამ მცირე დროში ქართველმა ხალხმა და მისმა მთავრობამ დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს საფუძვლები შექმნა, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელი კრიტერიუმებითაც კი, უაღრესად  პროგრესული იყო.

1991 წელს საბოლოოდ აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, მის ღირებულებებს დაეფუძნა.  ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად ევროპული სახელმწიფოს შენება განისაზღვრა. ამით ჩვენს დროში განვაახლეთ სვლა ყველა თაობის უზენაესი მიზნისკენ – თითოეული მოქალაქის, მთლიანად ქართველი ხალხის, საქართველოს თავისუფლებისაკენ.

დამოუკიდებლობის მოპოვებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ.  თუმცა, გზა დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე  გვეყუდნის. ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს. თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, გულისხმობს კანონის უზენაესობას, მარადიული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას; თავისუფლება გულისხმობს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ოჯახის სიძლიერე  ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და, ამავე დროს, სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია; თავისუფლება გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც ესწრაფვის არა მხოლოდ  ტერიტორიულ, არამედ ღირებულებრივ და შინაარსობრივ ერთიანობას,  სადაც ერთმანეთს ხვდება ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

თავისუფლების იდეალი ისტორიის ყველა ეტაპზე  იყო ჩვენი მრავალათასწლოვანი კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრების, ქართველთა ყოველდღიურობის უმთავრესი განმსაზღვრელი.  ჩვენ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, სადაც ღვთის სიტყვას თვით იესო ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ. საუკუნეებია ჩვენს განვითარებას სწორედ  სახარებისეული ფასეულობები განაპირობებს, რომელთა შორის თავისუფლება უზენაესია. საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა,  და სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ – მეფე ერეკლეს ეს სიტყვები დიდი აკაკის პოემიდან სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება პირადი  ღირსებისა და ეროვნული სიამაყის ფუნდამენტია. თავისუფლება ჩვენი დიდი წინაპრებისთვის მუდმივად ბრძოლით მოსაპოვებელი მიზანი იყო და არა თავისთავადი მოცემულობა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სამწუხაროდ, ბევრი შიდა და გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს, შესაბამისად, ჩვენს თავისუფლებას და სუვერენიტეტს ჭირდება განმტკიცება, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და ეს ჩვენი ვალდებულებაა.

თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ.

დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში, და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ  ამ ვალდებულების შესრულებას.

სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს. დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ. მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ.

ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის, მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შექმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისათვის, აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისათვის.

თავისუფლების მტერია სიღარიბე და უმუშევრობა. ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ვმუშაობთ ეკონომიკური აღორძინებისა და სოციალური სამართლიანობისთვის. ამ გზაზე, არაერთი გლობალური გამოწვევის მიუხედავად,  მნიშვნელოვან პროგრესს, თვალსაჩინო შედეგს მივაღწიეთ და მანამდე გავაგრძელებთ შრომას, სანამ ბოლომდე არ დავამარცხებთ სიღარიბესა და უმუშევრობას და სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის სიძლიერე და კეთილდღეობა.

თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია. როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ფსევდოფასეულობების პროპაგანდა მთელი კაცობრიობისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს და როდესაც ბოროტი ძალები ცდილობენ დაანგრიონ ტრადიციული ფასეულობები, ოჯახური ფასეულობები, ცდილობენ ფაქტები აღქმებით ჩაანაცვლონ, რეალობად გაასაღონ სიცრუე, თავისუფლების განმტკიცებისთვის ჩვენს ერთადერთ იარაღად კვლავ რჩება სიმართლე. შესაბამისად, მხოლოდ უზენაეს ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე და სიმართლეზე დაფუძნებული თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შენება უნდა გახდეს  ჩვენი საერთო მიზანი და ეროვნული იდეა. ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების ეროვნული და გონივრული პოლიტიკით არაერთ  ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ, რომლებიც ყოველდღე გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან. ჩვენ მიერ ასევე გატარებული მასშტაბური რეფორმები კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი, ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩვენი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე. მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში  წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. შედეგად, საქართველო დღეს სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო მიმოსვლით.

გასულ წელს ჩვენ  ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი გავაკეთეთ და ევროკავშირისგან მივიღეთ  ევროპული პერსპექტივა, რაც ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ეს ყველაფერი სწორედ ბოლო ათ წელიწადში  ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია, ჩვენი მონაპოვარია. მაგრამ ჩვენ კვლავაც არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს.

დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას.

ჩემო ძვირფასებო, ათასწლეულების განმავლობაში, ისტორიის სცენაზე ჩნდებოდნენ ძლევამოსილი იმპერიები, რომელთაგან დღეისთვის მხოლოდ სახელები შემორჩა. იმპერიათა შორის ბრძოლების ეპიცენტრში მდებარე ჩვენი პატარა ქვეყანა, მაგრამ დაუმარცხებელი და გაუტეხელი ქართველი ერი, მცირერიცხოვანი, მაგრამ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ყოველდღიური შრომით, ცოდნისა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით, საჭირო დროს – მოთმინებით, საჭირო დროს – თავდადებული ბრძოლით და რაც მთავარია, –  უფლის რწმენითა და სამშობლოს სიყვარულით უწყვეტად ქმნიდა მსოფლიოს უძველესი ერების ისტორიათა შორის ერთ-ერთ საოცარ, ამაღელვებელ და საამაყო გმირულ ისტორიას.

ამ ისტორიის გაგრძელება, ჩვენს დიდ წინაპართა მემკვიდრეობის ჩვენი შვილებისთვის გადაცემა და ქართველთა მრავალი თაობის ოცნების ასრულებისკენ  გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა დღევანდელ თაობებს გვაკისრია. 26 მაისს ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რომ ჩვენ, ყველანი, ჩვენი სამშობლოს ისტორიის გამგრძელებელნი, მისი აწმყოს, მისი ერთიანობისა და ძლიერების შემოქმედნი ვართ. ამ პროცესში თითოეული თქვენგანის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის როლი უნიკალური და შეუცვლელია.

მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობას, კეთილდღეობას, გამარჯვებას და  გაერთიანებას ვუსურვებ  ჩვენს სამშობლოს.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!