საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით – “ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია.

„დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა მოვახსენო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს, ქალბატონ პაუერს.

ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის და საქართველოს წარმატების შესახებ საუბრის შესაძლებლობისთვის.

მეც მინდა აღვნიშნო, რომ ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა!

ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია, სავარაუდოდ, რადგან ისეთ გამომწვევებთან უწევს კავშირი, როგორებიცაა საღებავი, ელემენტებისა და სამუხტი საშუალებების რეციკლირების ცენტრები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევებში – სუნელი – როგორც თქვენ მიერ იქნა აღნიშნული.

ასევე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ტყვიით მოწამვლით არის გამოწვეული გლობალურად გარდაცვალების წლიური მაჩვენებლის 1.5%. ის მწვავე რისკებს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის, დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ გააძლიერა მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო ტყვიის შემცველი პროდუქციის შესახებ და პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას 75-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.

„რაც შეეხება საქართველოს წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია 2018 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მრავალკლასტერული და მრავალინდიკატორიანი კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ 2-7 წლის ასაკის ბავშვების 51 პროცენტს დაშვებულ ზღვრულ ოდენობაზე მაღალ ნიშნულზე ჰქონდათ სისხლში ტყვიის შემცველობა. ამ მონაცემებს მოჰყვა მყისიერი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ჩვენ სწრაფად გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები რისკების გასანეიტრალებლად და ქვეყანაში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების პრევენციისთვის.

2019 წელს ინიცირებული ეროვნული რეაგირების პაკეტი – გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით – მოიცავდა ფართომასშტაბიან კამპანიას საზოგადოების შემეცნების გასაზრდელად, ბავშვებისა და ორსული ქალების მონიტორინგის წარმოებას, ქიმიური რისკების შეფასების ლაბორატორიის შექმნას და ტყვიის კონტროლის სისტემის შემუშავებას სისხლში მისი შემცველობის მონიტორინგისთვის და შეხების წერტილების გამოსავლენად.

ტყვიით მოწამვლის წყაროებისა და შეხების წერტილების გამოსავლენად იმავე პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ ატმოსფერული გარემო პირობების შეფასება. ამ ინიციატივათა შედეგად მოხდა მაჩვენებლების სწრაფი გაუმჯობესება, რამაც რეაგირების პროგრამის ეფექტურობა დაადასტურა. პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს ვიხილეთ საოცარი – 75-პროცენტიანი – კლება სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას. ეს ანალიზები რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ, რადგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქ იყო დაფიქსირებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მტკიცედ აქვს ნაკისრი ვალდებულება საკადრო და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

“პატივი გვერგო გავმხდარიყავით თანამშრომლობის ახალი მექანიზმის თანათავმჯდომარე ქვეყანა და სხვა სახელმწიფოებთან ერთად გვემუშავა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულ რეგიონში ბიომონიტორინგის საკითხებზე, რასაც გერმანია აძლევდა მიმართულებას. ამ ინიციატივის ფარგლებში 2023 წელს მინისტრთა მე-7 კონფერენცია ჩატარდა გარემოსა და ჯანდაცვის საკითხებზე. პირველ შეხვედრას თბილისმა 2023 წლის ნოემბერში უმასპინძლა. ამ შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში პარტნიორები შევიკრიბეთ პრიორიტეტებზე მოსაზრებების შესაჯერებლად და მონიტორინგის აუცილებლობის გამოსაკვეთად.

ამ ფასდაუდებელი პარტნიორობის კონტექსტში საქართველოს მტკიცედ აქვს ნაკისრი ვალდებულება საკადრო და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, სრულად განვავითაროთ ტყვიის შემცველობის მონიტორინგის სისტემები და სიღრმისეული კვლევები ჩავატაროთ წყაროებსა და შეხების წერტილებზე, შევიმუშაოთ რისკების განეიტრალების სტრატეგიები და სულ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ამ ტვირთის შემსუბუქებასა და ტყვიისგან დაცვის საქმეში.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს ზიარი ხედვის კოლექტიური პოლიტიკური ვალდებულების გაძლიერებისა და გაზრდისთვის, რათა მსოფლიო გათავისუფლდეს ტყვიის მოწამვლისგან, დავნერგოთ ძლიერი მონიტორინგი და მკაცრი რეგულაციები, გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა. საქართველო ერთგულია ტყვიით მოწამვლის საკითხის საფუძვლიანი მოგვარების იდეისადმი. მიმაჩნია, რომ გაერთიანებული გლობალური თანამეგობრობის ფარგლებში დიდ შედეგებს მივაღწევთ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველვყოფთ მეტად ჯანსაღ და კეთილდღეობის მომტან მომავალს მომდევნო თაობებისთვის. დიდი მადლობა!”,- განაცხადა პრემიერმა.