საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: რეგიონული ფონდი გახდება 580 მლნ ლარი და მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება 2024 წელს

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება 165 მლნ ლარით, კიდევ დამატებით რესურსები გამონახა ბატონმა ლაშამ და მისმა გუნდმა, 165 მლნ ლარით გაიზრდება, აქედან, უდიდესი ნაწილი – 130 მლნ ლარი ისევ ჩვენს რეგიონებში მოხმარდება პროექტების დაფინანსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, რეგიონული ფონდი გახდება 580 მლნ ლარი, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება მომავალ წელს.

„გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებისთვის, რომელთა სახლები დაზიანდა სტიქიის დროს. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს, მოხდება სახლების, ბინების შეძენა, არც ერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე, ეს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ მკაფიოდ. დამატებით, 15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს.

კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდ ლარამდე, დაახლოებით, 8.6 თუ 8.7, მნიშვნელობა არ აქვს, 9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც 3-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც არის გაზრდილი 3-ჯერ.

კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო ლაშა თქვენ და თქვენს გუნდს, ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ძალიან ინტენსიურად იმუშავეს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ფისკალური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.