საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონოიანთან გამართა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი გააცნო. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ტონოიანმა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს.

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ ხალხთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს.