საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი; მინდა, მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს ეს დიდებული დღე

ყველას ვალია, ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი ვეტერანები, გავიხსენოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა ამ დიდ ომში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი. მინდა, მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს ეს დიდებული დღე. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა ქართველებმა, ვეტერანებმა. მინდა, დიდი პატივისცემა დავადასტურო მათ მიმართ, ვინც თავი გაწირა გამარჯვების მისაღწევად. ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ფაშიზმის დამარცხების ამ ისტორიულ, საუკუნის გამარჯვებაში.

ჩვენი, ყველას ვალია, რომ ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი ვეტერანები, გავიხსენოთ მათი გმირული საქმეები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა ამ დიდ ომში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.