საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება. მედიისთვის კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.