საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე

ჩემთვის დიდი პატივია, ქართველი ხალხის სახელით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას კიდევ ერთხელ მოგმართოთ.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.

მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა.

2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა.

დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას.

ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ.

ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას. სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას.

2012 წელს ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომელმაც დაგვაახლოვა მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან – ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და გაეროსთან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო ათწლეული.

განუწყვეტლივ ვმუშაობთ საქართველოს გლობალურ პოზიციონირებაზე და უკვე ვხედავთ ამის შედეგს. „მსოფლიო სამართლის პროექტის” მიერ გამოქვეყნებულ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, „ღია ბიუჯეტის ინდექსში” – მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის” 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების მონაცემებით, – მსოფლიოს პირველ ხუთეულშია სინგაპურთან და შვეიცარიასთან ერთად. ცხოვრების ხარისხისა და ხარჯების გლობალური მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა და მე-14 ადგილი დაიკავა.

შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების პარალელურად, ძალისხმევას მივმართავთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაგრძელებისკენ. გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს.

ვაგრძელებთ ერთმნიშვნელოვან გზაზე სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ მიზნების ერთგულება ეფუძნება განხორციელებულ მოქმედებებსა და რეალურ შედეგებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.

წელს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ახალი სამიზნე ორიენტირები დასახა. ისევე, როგორც წარსულში, საქართველო გადაჭარბებით შეასრულებს მათ.

ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ.

მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს.

შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული ხედვა, პოლიტიკის მთავარი დოკუმენტის სახით, რომელიც 2030 წლისთვის ზოგადი განვითარების ძირითად დირექტივებსა და პრიორიტეტებს მოიცავს და სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს.

ქვეყანას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. მთავრობამ ის დაამტკიცა საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებთან განხილვის შემდეგ. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების მიმართულების განსაზღვრას და შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი მოიცავს ადამიანის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას.

მსოფლიოს წამყვან ფირმებთან და ყველაზე ნათელი გონების ადამიანებთან ვმუშაობთ, რათა შევიმუშაოთ ნამდვილ, მრავალგანზომილებიან რეგიონულ ცენტრად საქართველოს გარდაქმნის სტრატეგია. ჩვენმა საფინანსო სექტორმა გლობალურად უკვე მოიხვეჭა სახელი და ახლა საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში დამატებითი კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად. ვითარდება სტარტაპების ეკოსისტემა. ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალი მატერიალიზდება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოსა და მისი ხალხისთვის მდგრად და პროგნოზირებად ეკონომიკას.

ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19 პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივლისში კვლავ გადააჭარბა მოლოდინს და 10.3 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, პოსტპანდემიურ პერიოდში მდგომარეობის აღდგენისა და უკრაინის ომის შედეგების მინიმუმამდე შემცირების მიმართულებით ჩვენი მთავრობის პროაქტიული ზომების შედეგია.

ჩვენს მოქალაქეებს ვუქმნით შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს ვაძლევთ, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, დღეს, აქ, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, პირდაპირ მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს და მშვიდობიანად გადავაქცევთ მას აყვავებულ, თავისუფალ და ერთიან ევროპულ სახელმწიფოდ.

ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას.

საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან”.

ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებულ შემზღუდველ ზომებს მივუერთდით, ხოლო წელს ეს ნორმა გავრცელდა დონეცკსა და ლუგანსკზეც.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის სათავეშია, ხოლო საქართველო, როგორც ამ რეგიონული არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, მზადაა გაზარდოს თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

კარგად ვიცით, რომ უსაფრთხოებას მოაქვს სტაბილურობა, სტაბილურობას კი – პროგნოზირებადობა. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გადამწყვეტი წინაპირობაა პროგნოზირებადობა. რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი, მით უფრო მეტად შევძლებთ მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას ჩვენი ხალხისა და გლობალური ეკონომიკის სასარგებლოდ.

ამ მიზეზით, ვავითარებთ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს. ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველო მონაწილეობას იღებს რამდენიმე საერთაშორისო ინიციატივაში და ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც გააუმჯობესებენ ჩვენს კავშირს და ხელს შეუწყობენ სანდო და ქმედით სავაჭრო კავშირებს შავი ზღვის ზოლში.

რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ.

მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში ვუმასპინძლეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ დისკუსიებს. მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში.

ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას.

დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ასევე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა რეგიონის სასიკეთოდ გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები. გვინდა მოვიზიდოთ მსხვილი უცხოური ინსტიტუციური ინვესტიციები, განვახორციელოთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და ასე ვიქცეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ფაქტობრივ ხიდად.

ჩვენი მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად.

ევროკავშირის კოლეგებთან ერთად, უკვე ვიხილავთ ფლაგმანი პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც დამატებით ეკონომიკურ ეფექტს იქონიებს და კატალიზატორად იქცევა ევროკავშირთან და მის ბაზართან ჩვენი რეგიონის გაზრდილი კავშირისა და ინტეგრაციისთვის.

მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და დასავლეთის მოკავშირეები ისარგებლებენ ამ თანამშრომლობით. ახლა უნდა ვიმოქმედოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ენერგომარშრუტების დაცვისთვის, მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებისა და რეგიონული კავშირების გაზრდისთვის, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური განვითარების ტემპი. ყოველივე ეს აუცილებელია ევროპული მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი რეგიონული გამოწვევები ისეთი გლობალური გამოწვევების ფონზე ვლინდება, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, პანდემია და კლიმატის ცვლილება.

საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ მშვიდობასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში. ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მონაწილეობა მიიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნატოს მიერ განხორციელებულ მისიებში. სულადობრივად, ყველაზე მეტი წვლილი მიგვიძღვის ავღანეთის მისიაში. ბევრი მამაცი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასობით დაიჭრა და მნიშვნელოვანი მსხვერპლი გავიღეთ ამ ინიციატივებში. საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს საერთო უსაფრთხოების დაცვის საქმეში ნატოს მხარდაჭერისა და ევროკავშირის მისიების უწყვეტი დახმარებისთვის.

დღეს, როდესაც მე აქედან მოგმართავთ, მთელი კაცობრიობა საფრთხეების წინაშეა, რომელთა იგნორირება აღარ შეგვიძლია. კლიმატის ცვლილებით შექმნილი პლანეტარული კრიზისები, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და გარემოს დაბინძურება ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. მრავალი გამოწვევის მსგავსად, ის, პირველ რიგში, გავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებზე და აფერხებს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებას.

საქართველოში, ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს განათლებაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეკოლოგიაში, რათა მომავალმა თაობებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ. განათლების სისტემა გადამწყვეტია წარმატებული და პროდუქტიული საზოგადოებების გაძლიერებისათვის. 21-ე საუკუნეში განათლება ნიშნავს ინვესტირებას ციფრულ წიგნიერებაში და ინფრასტრუქტურის ხელშეწყობას ციფრული წყვეტის ამოსავსებად, რათა მომავალმა კრიზისებმა, იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მშვიდობისა თუ კლიმატის ცვლილების სფეროში, არ შექმნას სავალალო სიტუაცია.

დაბოლოს, მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მშვიდობასა და კეთილდღეობას დავუბრუნებთ ჩვენს სახლებსა და ქვეყნებს. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სულისკვეთება და მანდატი დაარსების დღიდან, რომ მხარი დაუჭიროს და უზრუნველყოს მშვიდობა და თანამშრომლობა.

ვამაყობ, რომ დღეს თქვენ წინაშე წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას. დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამი ათწლეულის შემდეგ, ქართული ოცნებები რეალობად იქცევა! ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერი, რომლის ისტორიაც ათასობით წელს ითვლის, არაორდინარული გამოწვევების ფონზე გახდა გამძლეობისა და წინსვლის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, რომ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ავაშენებთ უფრო ნათელ, მეტად მშვიდობიან და აყვავებულ სამყაროს დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.