საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის დაზარალებულია, რადგან მას, როგორც კერძო პირს, უსმენდნენ იმ დროს, როცა იგი კერძო სექტორში მუშაობდა.

მან „ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე“ უწოდა გავრცელებულ ჩანაწერებს.

„მანამდე არ მქონდა შესაძლებლობა, გამეკეთებინა კომენტარი ამ საკითხზე. კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, ვისგან მომდინარეობდა ეს პროვოკაცია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა პოლიტიკური შეთანხმების რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სწორედ მაშინ იყო გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. დასაგმობია ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი, კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე არის გაკეთებული.

„რა თქმა უნდა მე არ მსურს, რომ მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთვის მე მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება. ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების, პირველი ის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენის მსხვერპლი და ასე ვთქვათ, ყველას უსმენდნენ, მე-2 ის, რომ თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო მაგალითად იმაზე, რომ თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩვემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ.

მე მინდა მოსახლეობისთვის განმარტება გავაკეთო, მე 8 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს ვხელმძღვანელობდი, ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ ბატონ ბიძინას $3 მილიარდი აქვს დახარჯული ამ ფონდის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია მე მიწევდა ურთიერთობა და პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან, მე მქონდა არა ერთი შეხვედრა ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო და ჩვენ ვმუშაობდით ამ პროექტებზე, ასევე განათლების მინისტრთან მქონდა შეხვედრა, თბილისის მერთან, ასევე ეკონომიკის მინისტრთან, მინდა ასევე ვთქვა, რომ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან არა ერთ პროექტზე მქონდა მოლაპარაკებები და ასე ვთქვათ მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა, ასევე პრეზიდენტის დედა ჩემი ხშირი სტუმარი იყო, როცა მე ვიყავი ფონდი „ქართუს“ პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, პასუხი მარტივია, მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი. იყო საუბარი, რომ ეს ჩანაწერები თითქოს 2017 წელს იყო გაკეთებული. 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში. მას შემდეგ არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში და ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.