საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

„მოგესალმებით, მინდა მივესალმო გულითადად ჩემს ძვირფას კოლეგას, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, ბატონ კარლ ნეჰამერს. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში. ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, საუბარი. ზაფხულში მე ვიმყოფებოდი ვენაში ოფიციალური ვიზიტით, როცა მიმასპინძლა ბატონმა ნეჰამერმა. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია, საუბარი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ზოგადად, გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ძალიან რთულია მსოფლიოში, ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში. ეს ყველაფერი აისახება, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყნებზე.

ჩვენ ახლაც გვქონდა დეტალური განხილვა არსებული სიტუაციის. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე. ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20 % არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შედეგი არის ეგრეთ წოდებული აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების – აფხაზეთის, სამაჩაბლოსი, და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება.

ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია ყველა შესაძლო პროგრესს, რაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ბოლო 10 წელიწადში, – ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც გავაფორმეთ ჩვენ ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან, ივნისში, სადაც ნათლად იქნა დადასტურებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მე ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, და პირადად ბატონ კანცლერს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ახლა უკვე – ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება აი, ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით, ამ გზაზე, მთავრობასთან ერთად. რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე არის შესრულებული, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა, აუცილებელია, ოპოზიციის ჩართულობა, ვინაიდან, მაგალითად, პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის შემცირებას, დასრულებას, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე, რაზეც ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად, რომ კარი გავხსნათ მათთვისაც, იყოს მუდმივი დიალოგი და ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკურ დონეზე, პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა, და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ ბოლო 2 წელია შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შარშანწინ გვქონდა 10.5 % ზრდა, შარშან – 10%, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართულებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ ბიუროკრატიული და ნაკლები ბარიერების მქონე ქვეყანა, და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების, ავსტრიელი ინვესტორების შემობრძანებას საქართველოში.

მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება ევროკავშირის ჩართულობით. ესაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, გადამცემი ხაზი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი. 4 ქვეყანაა ამ თემაში ჩართული, მოგეხსენებათ, ბატონო კანცლერო, – საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი. ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზოგადად და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის. ეს და სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ. ესაა ძირითადი საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ბატონ კანცლერთან. დღეს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს ბატონ კანცლერს საქართველოში, და მინდა კიდევ ერთხელ მას მადლობა გადავუხადო ვიზიტისთვის. ჩვენ გვექნება საღამოს საშუალება, რომ გავაგრძელოთ საუბარი, დიდი მადლობა, გთხოვთ. სიტყვას ვაძლევ ბატონ კანცლერს“.

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი:

„დიდი მადლობა, ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო. ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, დღეს თქვენი სტუმარი ვიყო. ჩვენ ერთმანეთს გასული წლის ივლისში შევხვდით. მართალია, ჩემი ვიზიტი ცოტა ადრე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ცალკეულმა გარემოებებმა ამას ხელი შეუშალა. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ამჯერად შევძელით შეხვედრისთვის თარიღის გამოძებნა, რომელიც ორივე ჩვენგანისთვის მისაღები აღმოჩნდა, რადგან ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გაჟღერება, რომ საქართველოსა და ავსტრიას ძალიან კარგი ურთიერთობები აკავშირებთ ერთმანეთთან.

ამასობაში ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების უკვე ხანგრძლივი ტრადიცია გვაქვს, – უკვე 30 წელია დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, მათ შორის, იმის გამო, რომ საქართველო ავსტრიულ ფირმებს ინვესტიციებისთვის ძალიან მიმზიდველ შესაძლებლობებს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძალიან შთამბეჭდავია. ისინი დინამიკური ბაზრის არსებობაზე მიანიშნებენ, პირველ რიგში, როდესაც ტურიზმზე ვსაუბრობთ, თუმცა, ამავე დროს, ენერგოგენერაციის მიმართულებითაც. ეს თემა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამ მხრივ საქართველო უაღრესად საინტერესო პარტნიორია ავსტრიელი პარტნიორებისთვის. ერთი მაგალითი შემიძლია მოვიტანო, – არსებობს თანამშრომლობა “Healthy Water”-სა და “RAUCH”-ს შორის. ესაა სამაგალითო პარტნიორობა – ორი ავსტრიული კომპანია, საოჯახო კომპანია, რომლებსაც საქართველოში ნოუ-ჰაუ შემოაქვთ და აქ მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. ჩვენ უკვე მე-2 ადგილზე ვართ ნატურალური წვენების ბაზარზე და ეს მართლაც შთამბეჭდავი წარმატებაა.

ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, რაზეც ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება, მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, მით უმეტეს, აქტუალური პროცესების ფონზე. ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ, არამედ, ამავე დროს, ეკონომიკურ ინტერესებზეც. და იმ საუბრის დროს, რომელიც ამ პრესკონფერენციამდე გვქონდა, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ამ პროცესზე და იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მიამბო იმ წინსვლის შესახებ, რომელიც უკვე სახეზეა, მათ შორის, ევროკომისიის რეკომენდაციების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ეს აუცილებელი პროცესია. მე მესმის, რომ აღნიშნული ყოველთვის არ არის მარტივი, თუმცა, ამის გაკეთება ღირს, ღირს ძალისხმევის ინტენსიფიკაცია და უფრო მეტის ინვესტირება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან აღნიშნული პროცესი ბევრ შიდასახელმწიფოებრივ უპირატესობას მოიტანს, წაადგება რა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, აღნიშნული უაღრესად დიდ ამოცანას წარმოადგენს. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს შევთავაზე მხარდაჭერა იმ მიმართულებებით, სადაც ამის საჭიროება არსებობს. ამავე დროს ეს პროცესი ცხადყოფს, რომ ყველა კანდიდატისთვის ერთნაირი პირობები უნდა არსებობდეს, რომ არ უნდა არსებობდეს გზის შემოკლების შესაძლებლობა. ბოლო თვეების განმავლობაში ამ საკითხზე ევროკავშირში მნიშვნელოვანი და პროდუქტიული დისკუსია მიმდინარეობდა იმის კვალდაკვალ, რომ სამივე კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში მუდმივად ფიქსირდებოდა ერთმნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯები. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ პროცესში ავსტრია საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის, როდესაც ლაპარაკია ჩვენი ნოუ-ჰაუთი დახმარების აღმოჩენაზე. თავის დროზე ჩვენც ვიყავით სიტუაციაში, როდესაც გვინდოდა გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი, და კარგად გვახსოვს, თუ რამდენად რთული იყო ის გზა, სანამ ამას რეალურად მივაღწიეთ.

ბუნებრივია, ვისაუბრეთ იმ თემაზეც, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია, რაც თითოეულ ჩვენგანს აფიქრებს და ძალზე აღელვებს, – ლაპარაკია უკრაინაში მიმდინარე ომზე. იქ ადამიანები საშინლად იტანჯებიან. ომი სულ უფრო მძიმე ფორმებს იძენს და ამით სულ უფრო მეტად იზრდება ადამიანების ტანჯვაც. ამ მხრივ საქართველო განსაკუთრებულ სიტუაციაშია, აღნიშნულს ბატონი პრემიერ-მინისტრიც შეეხო. ავსტრია ამ მხრივ ყოველთვის იქნება ერთგვარი ელჩი, რომელიც საქართველოს განსაკუთრებულ მდგომარეობაზე გაამახვილებს ყურადღებას. საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, ქვეყანაში რუსი სამხედროები დგანან და ეს იწვევს იმას, რომ ამ ქვეყნის მიერ გატარებული პოლიტიკა ოდნავ განსხვავებული უნდა იყოს. ამის მიუხედავად, მე მოხარული ვარ, რომ საქართველო შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას. ეს ნამდვილად არ არის მარტივი, რადგან ზეწოლა დიდია. საქართველოს რუსეთის ფედერაციიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი მოაწყდა. ეს ძალიან რთული პერიოდი ასევე დიდი გამოწვევაა საქართველოს მთავრობისთვის. თუმცა, მე ამავე დროს ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სწორ კურსზე დგას. ჩვენი მხრიდან, გთავაზობთ დახმარებას ყველა იმ მიმართულებით, სადაც ამის საჭიროება არსებობს.
ავსტრია ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის მისიას საქართველოში. ამ მომენტისთვის მისიაში 7 ავსტრიელი დამკვირვებელია წარმოდგენილი. ჩვენ ვგეგმავთ მისიის მონახულებას. ამ მისიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მე მესმის, რომ გადაჭარბებული მოლოდინები ამ მხრივ არ უნდა გვქონდეს, თუმცა, ეს მისია მნიშვნელოვანია, რათა ევროკავშირი რეგიონში თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი. და ამავე დროს ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა როგორც ავსტრიის, ისე ევროკავშირის მოქმედებების ცენტრშია მოქცეული.

პოლიტიკაში ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაციონალური შეფასებები. პოლიტიკა წარმოადგენს „გაკეთებადის“ ხელოვნებას. სწორედ ამ დერეფანში მოძრაობს საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყველა მისი ნაბიჯით. მე ვიცი, რომ ეს უაღრესად რთულია და ამიტომ მოხარული ვარ, რომ აქ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, – პირველი, მიხარია, რომ აქ ვარ, რაც წარმოადგენს ავსტრიისა და საქართველოს თანამშრომლობის გამოხატულებას და, ამავე დროს, შემიძლია კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ მზად ვართ ამ რთულ გზაზე მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც პარტნიორს“.