საქართველო

ირაკლი კობახიძე: „ყველას ვურჩევ, ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ“

„ეს იყო პროცესების ლოგიკური გაგრძელება“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, მას არ სურს ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებების შეფასება.

„ამ პროცესებს ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ყველა ერთად. რაც შეეხება განცხადებებს, ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს მე კომენტარს არ გავუკეთებ, ასე აჯობებს ალბათ, და ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე, ზოგადად, არ გააკეთონ ხოლმე განცხადებები“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის კითხვაზე – იმსჯელეს თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუნდიდან ცალკეული წევრების გარიცხვაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გუნდის ერთიანობის შენარჩუნება.

„ზოგადად, მსჯელობა ყველაფერთან დაკავშირებით გაგრძელდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, გუნდის ერთიანობის შენარჩუნება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გვექნება მსჯელობა გუნდის შიგნით. ჩვენ გვქონდა, ზოგადად, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობა და ამაზე გაგრძელდება დისკუსია“, აღნიშნა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.