საქართველო

ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს”

„სალომე ზურაბიშვილი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მისთვის ნაძახები გექნებათ „მოღალატე“, „სამარცხვინო“ და ასე შემდეგ“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, შორს არის ევროპისგან. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს საარჩევნო კამპანიის შავი პიარისა და ლანძღვის გარეშე წარმართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩვენ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური თანამდებობის პირი. ეს ქალბატონი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მისთვის ნაძახები გექნებათ „მოღალატე“, „სამარცხვინო“ და ასე შემდეგ და მერე ხომ გექნებათ ის მოთხოვნა, რომ ის უნდა იყოს ზეპარტიული და ასე შემდეგ. ის მაინც იქნება ზეპარტიული, მაგრამ ძალიან ცუდ რამეს აკეთებთ,სახელმწიფოებრივად ცუდ რამეს აკეთებთ და ამიტომ გეუბნებით, ჯობია, გვერდზე გადადოთ ეს კამპანია. არ ვეძახი თქვენს კანდიდატს „კაგებეშნიკს“ მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში უდევს შესაბამისი წიგნაკი და დღედაღამე გველაპარაკება რუსეთის სიყვარულზე. პასპორტი ჯიბეში მექნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, გულიდან ვერ წაშლით რუსეთის სიყვარულსო – ამას ამბობდა გრიგოლ ვაშაძე და დაამთავრეთ საუბარი ამ ღალატზე და სამარცხვინოზე. შორს არის თქვენგან ევროპა და დასავლეთი, ძალიან შორს არის, მაგრამ გარეგნულად იქნებ მიემსგავსოთ ამ ყველაფერს. ეს არის სახელმწიფოებრივი თხოვნა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შავი პიარის, ლანძღვის, გინების, უბედურების და რაღაცების გარეშე, წარმართოთ საარჩევნო კამპანია ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია ევროპელობაზე და თქვენ რასაც აკეთებთ, ის ძალიან შორს არის ევროპისგან და დასავლეთისგან. ჩვენ გვინდა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ აქეთკენ და ასეთი კამპანიით, რასაც თქვენ წარმართავთ, ჩვენ მეტად ვერ დავახლოვდებით ნამდვილად ევროპასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.