საქართველო

ირაკლი კობახიძე: რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები, ძალიან მყარია ლარის კურსი, ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება

თავიდან ბოლომდე ვენდობი ეროვნული ბანკის საქმიანობას, გამომდინარე იმ ორწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ჩვენ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოვიდა სათავეში ახალი ხელმძღვანელობა ნათია თურნავასა და ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი შემადგენლობის სახით, ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს.

„რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები. მარტო ბოლო თვეში, იანვრის განმავლობაში 141 მილიონი დოლარით შეივსო ჩვენი სავალუტო რეზერვები. იცით, რომ ძალიან მყარია ლარის კურსი, ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება. ჩვენ შარშან გვქონდა 4 პროცენტი ინფლაცია, შარშანწინ გვქონდა 1,9 პროცენტი ინფლაცია, საშუალო მაჩვენებელი იყო 3 პროცენტზე ნაკლები, რაც არის ზღვრის ფარგლებში. მე ზოგადად ვაფასებ ეროვნული ბანკის საქმიანობას ყველა მიმართულებით, როგორც რეზერვების მიმართულებით, ასევე ლარის კურსის მიმართულებით, ზოგადად მონეტარული, ფისკალური პოლიტიკის კუთხით, ეროვნული ბანკის საქმიანობა არის ძალიან წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.