საქართველო

ირაკლი კობახიძე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის ეთერით გასულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის ეთერით გასულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე და თქვა, რომ მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ დისკრედიტირება იმ ფარული აუდიოჩანაწერებით, რაც ბოლო პერიოდში მედიით ვრცელდება.

„ჩანაწერები კარგად ჯდება იმ შავ პიარში, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარეობს – დეზინფორმაციაზე, გაყალბებაზე. ჩვენ მუდმივად ვხედავთ, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი, რომელსაც, არც ერთს შეხება არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“ საუბრობს პარტიაზე, პარტიულ ყულაბაზე და ა.შ, ეს არის მარტივი დეზინფორმაცია, რომელსაც აუცილებალდ უნდა გაეცეს პასუხი, იმიტომ რომ აქ ხდება „ქართული ოცნების“ დისკრედიტირება ამ შავი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში და მოვითხოვთ, რომ ნათელი მოეფინოს ამ ყველაფერს. ეს ორი პირი საუბრობს რაღაც თანხებზე, ფულადი სახსრების მიმოქცევაზე, საუბრობს გარიგებაზე. არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ პირს არ ჰქონია კავშირი „ქართულ ოცნებასთან“, შესაბამისად, ზუსტად ამ კამპანიის ნაწილია ის ე.წ. ჩანაწერები, ფარული, თუ როგორც არის, რომელიც ვრცელდება მედიაში ნაც. მოძრაობის პარტიული მედიის მხრიდან“, თქვა კობახიძემ და დაამატა, რომ გამოძიება ყველაფერზე უნდა დაიწყოს, თუმცა ჩანაწერების გავრცელება „შავი პიარის“ და დეზინფორმაციის ნაწილია და რა თქმა უნდა, შესაბამისად, ამას უნდა გაეცეს პასუხი.

“ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს სტილი საიდანაც მოდის. ვიცით, ხომ ნაც. მოძრაობა თავისი ფარული ჩანაწერებით, თავისი გაყალბებით, თავისი ყველაფერში ჩარევით. ეს არის ნაც. მოძრაობის სტილი – სიცრუე, დეზინფორმაცია და ამას რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაეცეს და დარწმუნებული ვარ, გაეცემა კიდეც“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა შეიძლება დადასტურდეს, მაგრამ, მისი თქმით, არც ერთ პირს, რომელიც ამ ჩანაწერებშია, არავითარი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“.

„ავთენტურობა შეიძლება დადასტურდეს, მაგრამ არც ერთ პირს, რომელიც იმ ჩანაწერებშია, არავითარი შეხება არ აქვს „ქართულ ოცნებასთან”, მათ შორის არც ლევან ყიფიანს. ლევან ყიფიანს არავითარი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“ მას შემდეგ, რაც მან დატოვა მინისტრის თანამდებობა და გახსოვთ, რამდენი წელია იქიდან გასული“, აღნიშნა კობახიძემ.