საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით გარკვეულ დეტალებზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ფიქრობს, რომ არსებობს კონსესუსის მიღწევის რესურსი.
„ჩვენ თვის ბოლომდე უნდა შევაჯეროთ პოზიციები კანონპროექტთან დაკავშირებით, გვაქვს, დაახლოებით, ორი კვირა ამისთვის. არის აზრთა სხვადასხვაობა დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა, საერთო არის მიზანი, მიზანი არის ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში, ასევე, მიზანი არის ჰუმანური პოლიტიკის წარმოება. ამ საერთო მიზნებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არსებობს კონსესუსის მიღწევის რესურსი, მთავარია, ამაზე აქტიურად ვიმუშაოთ და მე ვფიქრობ, რომ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ კონსესუსის მიღწევას გუნდის შიგნით ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
ჩვენთვის მთავარია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს იქნება ყველას საერთო მიზანი. მთავარია, ჩამოვაყალიბოთ სწორი კანონპროექტი, სადაც ასახული იქნება სწორად ეს მიზნები. ეს არის მთავარი ამოცანა. მთავარია, რომ სწორედ წარიმართოს კონსულტაციების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში საერთო მიზანი იქნება მიღწეული და შედეგი იქნება კანონპროექტში სწორად ასახული“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.