საქართველო

ირაკლი კობახიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა აღნიშვნა, რომ ეუთო-ოდირის მისიამ საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ, გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირ-ის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს – კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს და ოდირ-ს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის.

„რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს: პირველი – არჩევნები. საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ, გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირ-ის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს – კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს და ოდირ-ს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნაც, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა შეძლო“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა.

„აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი და, შესაბამისად, ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტურ ანალიზს ვერ ასახავს. ავტორი თავადვე აღნიშნავს, რომ, დროის სიმწირის გამო, დოკუმენტი მოკლებულია სიღრმისეულობას. ეს არის ანგარიშის ალბათ ერთადერთი ზოგადი დასკვნა, რომელსაც სრულად შეგვიძლია დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ანგარიშის ავტორმა ისიც კი ვერ გაარკვია, ჩვენს ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ ეწოდება თუ „საქართველო““, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეუთო-ს ანგარიშის ავტორი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას ოჯახურ ღირებულებებს „ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად“ მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ აღნიშნული კანონი მისი გაღიზიანებისა და არაობიექტური შეფასების საგანი გახდა.

„ანგარიშის ავტორი ითხოვს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას. უფრო კონკრეტულად, ის უარყოფითად აფასებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის პოპულარიზაციისა და სქესის შეცვლის წინააღმდეგ მიმართულ ნორმებს. ის, ასევე, უარყოფს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი და მოითხოვს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერი მარტივად, შესაბამისი პირის შეხედულების მიხედვით შეიცვალოს. ასეთ მიდგომებს ქართული საზოგადოებისთვის დიდი ფასი რომ ვერ ექნება, ალბათ სადავო არავისთვის უნდა იყოს“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული  ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან, სულ მცირე, არსებითად გადახედვას.

პრემიერის განცხადებით, მან სრულად უგულებელყო საქართველოში გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების ხუთი მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული.

კობახიძის თქმით, უნივერსალური სამართლებრივი პრინციპის თანახმად, ნებისმიერი გარე ჩარევა უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად არღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და, შესაბამისად, დაუშვებელია. ეს უნივერსალური სამართლებრივი პრინციპი საქართველოში გასული წლების განმავლობაში სისტემატურად, სისტემურად, ღიად და უხეშად ირღვეოდა.

„მეორე – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა. ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან, სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული. უნივერსალური სამართლებრივი პრინციპის თანახმად, ნებისმიერი გარე ჩარევა უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად არღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და, შესაბამისად, დაუშვებელია. ეს უნივერსალური სამართლებრივი პრინციპი საქართველოში გასული წლების განმავლობაში სისტემატურად, სისტემურად, ღიად და უხეშად ირღვეოდა. ანგარიშის ავტორისთვის იოლი გასააზრებელი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის ლეგიტიმური მიზანია, სამომავლოდ დაიცვას საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის დემოკრატიული სისტემა ამგვარი უხეში გარე ჩარევებისგან. თუმცა მან ამ მარტივი დასკვნის ანგარიშში ასახვისგან თავი შეიკავა. ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არცერთი ღირებული კრიტიკული შენიშვნა გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.