საქართველო

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ

მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებითი კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად.


„მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშინოთ, თუ ოპოზიციური პოლიიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებშია დამკვიდრებული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არა თუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს.

„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის განმავლობაში ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს – შეამციროს პოლიტიკურ პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება“, – აღნიშნა კობახიძემ.