საქართველო

ირაკლი კობახიძე: „ევროპული საქართველოს” მიერ დასახელებული არცერთი პირი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი

„დასახელებული არცერთი პირი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, ამასთან დაკავშირებით შემიძლია მოგაწოდოთ სახელობითი ინფორმაცია”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა, სხვადასხვა რეგიონში, პარტიის რიგები დატოვეს და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ევროპული საქართველო“ ამით იმ პროცესების გადაფარვას ცდილობს, რაც თავად პარტიაში წარმართება.

„რაც შეეხება „წევრების გადასვლას“ „ევროპულ საქართველოში“ ამით ცდილობს „ევროპული საქართველო“ გადაფაროს ის პროცესები, რომელიც წარიმართება პარტიაში და ხედავთ, რომ კონკრეტული პირები გადადიან „ევროპული საქართველოდან“ სხვა პარტიაში. პარტიას არ დავასახელებ და ხდება ამ, ასე ვთქვათ, მანიპულაციით ამის გადაფარვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს მაგალითად დღევანდელ ფაქტს აქ მაქვს მე კონკრეტული მონაცემები იმის თაობაზე თუ კონკრეტული პირები როდის, რომელ პარტიაში იყვენ გაწევრიანებული. ზოგიერთი მათგანი იყო „რესპუბლიკელი“ ბოლომდე, ზოგიერთი „თავისუფალი დემოკრატი“ და ა.შ. სახელი და გვარებით შემიძლია გადმოგცეთ ეს სია. დღეს დასახელებული არცერთი პირი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, ამასთან დაკავშირებით შემიძლია მოგაწოდოთ სახელობითი ინფორმაცია, არის მარტივი მანიპულაცია, მარტივი მანიპულაცია რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, გვაქვს კონკრეტული პასუხი”,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.