საქართველო

ირაკლი კობახიძე: გიორგი მარგველაშვილმა თქვა საოცარი ფრაზა, რომც დადასტურდეს, არჩევნები არ გაყალბებულა, მაინც კრიზისია და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდესო, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება

გუშინ, მათმა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თქვა საოცარი ფრაზა. მან აღნიშნა, რომ ახლა რომც დადასტურდეს, არჩევნები არ გაყალბებულა, მაინც კრიზისია და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდესო. ეს არის მათი დამოკიდებულება, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება შექმნილი ვითარების მიმართ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

„სხვათა შორის იყო რამდენიმე მცირე პარტია, რომელიც პირველად მონაწილეობდა ამ არჩევნებში და რომელსაც არ ჰყავდა თავისი კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე, მათ ჰქონდათ გულწრფელი ეჭვები არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ, რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ისინი არიან ოსტატები და საქართველოში არჩევნების გაყალბების დამამკვიდრებლები, ეს ყველამ კარგად იცის და სახელები და გვარებიც მათი ლიდერების ამ კუთხით შეგვიძლია გავიხსენოთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ გუშინ პარლამენტში არ იყვნენ წარმოდგენილნი ოპოზიციური პარტიები, მთლიანად ეკისრება რადიკალურ ოპოზიციას. არამხოლოდ ისინი არ შემოდიან, არამხოლოდ ისინი უცხადებენ საბოტაჟს დემოკრატიულ პროცესს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არამედ ისინი აბულინგებენ და აშანტაჟებენ, უმძიმესი ფორმებით, ამას აკვირდებით თქვენ ტელევიზიის მეშვეობით, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია. ეს არის სახე ამ პოლიტიკური პარტიების. ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ შემოვლენ საბოლოო ჯამში პარლამენტში და ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს სკამებს სხდომათა დარბაზში“, – განაცხადა კობახიძემ.