საქართველო

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას.
ხაზი გაესვა მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივაზე, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
საქართველო და აზერბაიჯანი  რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად  და  თანამშრომლობას აგრძელებენ  რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც იგი აღნიშნავს, საქართველო აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულია.
“აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი  ასადოვს შევხვდი. საქართველო და აზერბაიჯანი  რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად  და  თანამშრომლობას აგრძელებენ  რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.
ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულნი ვართ”, – აღნიშნავს კობახიძე.