საქართველო

ირაკლი კობახიძემ განაცხადა თუ როგორ შეიძლება გადანაწილდეს 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30 მოდელის პირობებში 30 მაჟორიტარული ოლქი

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 120/30 მოდელზე შეთანხმების შემდეგ, რაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, დღის წესრიგში 30 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილების საკითხი დგება.

მმართველ პარტიას ამ დროისთვის გარკვეული მონახაზი გააჩნია. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასათვალისწინებელია რეგიონების სპეციფიკა და საზღვრები.

„მონახაზი შემუშავებული გვაქვს. დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა განისაზღვროს შესაბამისი საზღვრები. ქალაქებზე – თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე გადანაწილდება დაახლოებით 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და დანარჩენ შემთხვევაში, იქნება მთლიანობაში 20 საარჩევნო ოლქი. უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა, საზღვრები და სხვა შესაბამისი ფაქტორები, დიდი ლავირების საშუალება არ არის. შესაბამისად, საკითხი არის არსებითად ტექნიკური. საკმაოდ მსხვილი ოლქები ყალიბდება ახალი გადანაწილების საფუძველზე, რიგ შემთხვევაში, იქნება ოთხი-ხუთი მუნიციპალიტეტი ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რაც პრინციპში, გარკვეულწილად ცვლის მაჟორიტარული არჩევნების სპეციფიკას. თუმცა, ეს არის ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი საზღვრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და განმარტა თუ რამდენი ოლქის ჩამოყალიბებაზე ფიქრობს ხელისუფლება თბილისსა და რეგიონებში.

„თბილისში ვფიქრობთ, რომ შვიდი საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს – ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რუსთავის შემთხვევაში შეიძლება, საჭირო გახდეს მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დამატება. ფოთის შემთხვევაში საჭირო გახდება დამატებით ორი მუნიციპალიტეტის შეყვანა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი და ა.შ. სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებრივია, არის ევროსაბჭოს სტანდარტი, რომლის მიხედვით გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს“, – აღნიშნა კობახიძემ.

GUARDIAN.GE