საქართველო

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტიდან მოსამართლეთა კანდიდატების სიის გაწვევა „იურიდიულად შეუძლებელია“

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ, მოსამართლეთა არჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ პარლამენტიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის გაწვევა, „იურიდიულად შეუძლებელია“.

„იურიდიულად არის შეუძლებელი კანდიდატთა სიის გაწვევა, ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავაშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, თუ მთავრობის ან გენერალური აუდიტოირს კანდიდატის და ა.შ. წარდგენა. შესაბამისად, გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის, რაზეც დღეს ასევე გვქონდა საუბარი, ამ პროცედურას კრიტერიუმებს ექნება ასევე უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი პარლამენტში იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ მიქაუტაძესთან ისაუბრა იმის აუცილებლობზე, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურები და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს პროცესი.

მანვე აღნიშნა, რომ ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

„არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება ახალი სია წარმოდგენილი. როგორ განახლდება სია, ეს არის ტექნიკური დეტალი. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ძველი სიის ფორმალურად ჩაგდება“, თქვა კობახიძემ.