ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ინგლისში, სადაც საგანგებო წესების დარღვევისთვის ჯარიმა £60 ფუნტს (240 ლარი) შეადგენს, პოლიციამ აპრილში 9 000-მდე მოქალაქეს გამოუწერა ჯარიმა

1 აპრილიდან 27 აპრილამდე პოლიციამ ინგლისში საგანგებო წესების დარღვევისთვის 8 877 ადამიანი დააჯარიმა, ხოლო უელსში 299, იტყობინება BBC ეროვნული პოლიციის უფროსების საბჭოზე დაყრდნობით. დაახლოებით 400 საჯარიმო შეტყობინება განმეორებით დარღვევაზეა გამოცემული, ერთ-ერთ პირს კი წესების 6-ჯერ დარღვევისთვის გამოუწერეს ჯარიმები.

პოლიცია კანონდამრღვევ მოქალაქეს პირველ ჯერზე 60 ფუნტი სტერლინგის ოდენობის (საქართველოს ეროვნული ბანკის 30 აპრილის გაცვლითი კურსით – 240 ლარი) ფიქსირებულ ჯარიმას უწერს და იმ შემთხვევაში თუკი პირი 2 კვირის ვადაში გადაიხდის ჯარიმას, მაშინ მას 60 ფუნტის ნახევარი – 30 ფუნტი ექნება დასაფარი. საგანგებო წესების ხელმეორედ დარღვევისთვის მოქალაქეს უკვე 2-ჯერ მეტი თანხის, 120 ფუნტი სტერლინგის (480 ლარი) ჯარიმის გადახდა ეკისრება და ჯარიმა ყველა სხვა განმეორებით კანონდარღვევაზე ორმაგდება.

პოლიციას სახელმძღვანელო აქვს გამოქვეყნებული კარანტინის წესების დაცვის შესახებ და ის იმ ადამიანების სიასაც მოცავს, რომელთაც საპატიო მიზეზებით შეუძლიათ თავიანთი სახლების დატოვება.

GUARDIAN.GE