საქართველო

ილია მეორე: ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, პრემიერ მინისტრს, რომ გაწვეული იყოს მარიხუანას კულტივაციის კანონი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ეხმაურება. ილია მეორე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელისუფლებამ ეკლესიის მესვეურების თხოვნის საფუძველზე მიიღო. პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ხელისუფლება არც მომავალში მიუბრუნდება.

„თქვენ იცით, ბოლო დროს მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონის გამო, რომელიც მარიხუანას ეხება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული. იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება“, განაცხადა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ.