საქართველო

ილია დარჩიაშვილი: გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ის მართავს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოზე.

„გუშინ ჩვენ გვქონდა უმნიშვნელოვანესი დღე, გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო, რომელიც არის მთავარი პლატფორმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების, დაახლოების. სწორედ პრემიერ-მინისტრის მხრიდან მისი ხელძღვანელობით ჩატარდა ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და ამ შეხვედრაზე პირველად მოხდა, რომ საქართველო ჩამოვიდა როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა გუშინ.

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირის შესაბამის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ქალბატონი მეცოლა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი. მას და პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო საქართველოს ევროპულ მომავალს, იმ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით შარშან დეკემბერში. შესაბამისად, ტრადიციულად, საქართველოს მისამართით ქალბატონი პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ როგორ არის შემდეგი პროცესი, როგორ ვაგრძელებთ ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. ცხადია, საუბარი შეეხო იმას, თუ რა დიდი ძალისხმევა გაიწია, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მხრიდან და თუ როგორ გეგმავს პრემიერ-მინისტრი მომავალშიც ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან იყო, რომ საქართველო აგრძელებს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს საქართველოს საბოლოო წევრობამდე. იყო ძალიან საინტერესო, მეგობრული შეხვედრა და კიდევ ერთხელ მივიღეთ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ქალბატონი პრეზიდენტისგან საქათველოს ევროპული მომავლის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ეს შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი და ძალიან მნიშვნელოვანიც, ამავდროულად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.