საქართველო

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორისაა და მის მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში დიდად ვაფასებთ

 

ნატოს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის, რომელიც ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საწვრთნელ მისიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანაა, ნატო-ს კარი ღია რჩება.

„დავასრულეთ ნატო-საქართველოს კომისიის პროდუქტიული შეხვედრა. საქართველო ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორისაა და მის მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში დიდად ვაფასებთ.

ავღანეთში მიმდინარე ჩვენს საწვრთნელ მისიაში საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნაში სტაბილურობის განვითარებას და ტერორიზმთან ბრძოლას. საქართველო, ასევე, ნატოს საპასუხო ძალებისთვის ქვედანაყოფებს უზრუნველყოფს.

განვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების გზები. ნატოს ივლისის სამიტზე მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეესაბამება. ნატოს კარი ღია რჩება.

დღეს, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან.

ასევე, გვაშფოთებს რუსეთის სამხედრო გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში. შავი ზღვის უსაფრთხოება პრიორიტეტია ნატოსთვის და საქართველოსთვის. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვიდრე ოდესმე – საქართველოს სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის წვრთნით, საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების მეტი თანამშრომლობით და საქართველოს გაერთიანებული საზღვაო ოპერაციების ცენტრისა და ნატოს საზღვაო სარდლობის თანამშრომლობით.

მოკავშირეები, ასევე, მიესალმებიან იმ განგრძობად პროგრესს, რომელსაც საქართველო რეფორმების მიმართულებით, კერძოდ, უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების აღმშენებლობისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით ახორციელებს.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და ჩვენი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უკვე აძლიერებს ქვეყნის თავდაცვის რეფორმებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს რეფორმების გზა”, განაცხადა სტოლტენბერგმა.