საქართველო

იენს სტოლტენბერგი: მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე.

როგორც სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ელოდება, რომ ალიანსის ივლისის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღინიშნება.

„ველი, რომ ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი აღიარებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელების გზაზე მიაღწია და იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც საქართველოს ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთის მისიაში შეაქვს. გასულ კვირას მე საქართველოს პრეზიდენტს შევხვდი და მწუხარება გამოვხატე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას, პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს სურვილს, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების მოსაგვარებლად“, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მანამდე, ხუთშაბათს წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში სტოლტენბერგმა ახსნა, რომ  ნატოს მიდგომა რუსეთის მიმართ „რჩება მყარი, თავდაცვითი და თანაზომიერი“. მან ასევე განაცხადა, რომ ალიანსი განაგრძობს ძალისხმევას რუსეთთან მრავალმნიშვნელოვანი დიალოგის თაობაზე, რომელიც „რთულია“, მაგრამ ამავე დროს „არსებითია გამჭვირვალობის გასაზრდელად და რისკის შესამცირებლად“.