ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს ორჯერ ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს ქალაქ ნარაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ორჯერ ესროლეს, რის შედეგადაც იგი დაეცა. მასზე თავდამსხმელი დაკავებულია.

ტოკიოს ყოფილმა გუბერნატორმა, იოიჩი მასუზოემ „ტვიტერში“ განაცხადა, რომ 67 წლის აბე კარდიოპულმონალური შოკის (გულ-ფილტვის გაჩერების) მდგომარეობაში იმყოფება. როგორც BBC იუწყება, აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება იაპონიაში სიკვდილის ოფიციალურად დადასტურებამდე.

ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტომ დაადასტურა, რომ აბეს აქვს ტყვიით ჭრილობა კისრის მარჯვენა მხარეს და ასევე განიცადა კანქვეშა სისხლდენა მკერდის მარცხენა ნაწილის ქვეშ. ამ დროისთვის გაურკვეველია, ორივე ნასროლი ტყვია მოხვდა მას, თუ კისერზე მოხვედრილი ერთი ტყვია გადავიდა სხვაგან.

აბე, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად მუშაობდა იაპონიის პრემიერ მინისტრის პოსტზე, თანამდებობას 2006 წელს იკავებდა ერთი წლის განმავლობაში და შემდეგ ისევ 2012 წლიდან 2020 წლამდე, სანამ პრემიერის პოსტს ჯანმრთელობის მიზეზების გამო დატოვებდა. მოგვიანებით მან გაამჟღავნა, რომ წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადება ჰქონდა.

თანამდებობაზე ყოფნისას იგი ცნობილი იყო თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის მიმართ თავისი ქორისტული პოლიტიკით და დიდი ხანი ცდილობდა იაპონიის პაციფისტური ომისშემდგომი კონსტიტუციის შეცვლას.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ თავის ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის განლაგების სადავო წინადადება წამოაყენა.

guardian.ge