აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელიც წინაასარჩეევნო მიტინგზე 41 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა, იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილმა წევრმა, ტეძუია იამაგამიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ადასტურებს.

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს ქალაქ ნარაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ორჯერ ესროლეს, რის შედეგადაც იგი დაეცა. მასზე თავდამსხმელი დაკავებულია.

ტოკიოს ყოფილმა გუბერნატორმა, იოიჩი მასუზოემ „ტვიტერში“ განაცხადა, რომ 67 წლის აბე კარდიოპულმონალური შოკის (გულ-ფილტვის გაჩერების) მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც BBC იუწყება, აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება იაპონიაში სიკვდილის ოფიციალურად დადასტურებამდე.

ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტომ დაადასტურა, რომ აბეს აქვს ტყვიით ჭრილობა კისრის მარჯვენა მხარეს და ასევე განიცადა კანქვეშა სისხლდენა მკერდის მარცხენა ნაწილის ქვეშ. ამ დროისთვის გაურკვეველია, ორივე ნასროლი ტყვია მოხვდა მას, თუ კისერზე მოხვედრილი ერთი ტყვია გადავიდა სხვაგან.

აბე, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად მუშაობდა იაპონიის პრემიერ მინისტრის პოსტზე, თანამდებობას 2006 წელს იკავებდა ერთი წლის განმავლობაში და შემდეგ ისევ 2012 წლიდან 2020 წლამდე, სანამ პრემიერის პოსტს ჯანმრთელობის მიზეზების გამო დატოვებდა. მოგვიანებით მან გაამჟღავნა, რომ წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადება ჰქონდა.

თანამდებობაზე ყოფნისას იგი ცნობილი იყო თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის მიმართ თავისი ქორისტული პოლიტიკით და დიდი ხანი ცდილობდა იაპონიის პაციფისტური ომისშემდგომი კონსტიტუციის შეცვლას.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ თავის ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის განლაგების სადავო წინადადება წამოაყენა.

guardian.ge