აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ოთხშაბათ ღამით, ადგილობრივი დროით 23:36 საათზე მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 90 ადამიანს, ელექტროენერგია კი დროებით 2 მილიონზე მეტ მობინადრეს გაეთიშა, მათ შორის 700 000 ოჯახს ტოკიოში, იტყობინება BBC.

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, 57 კილომეტრის სიღრმეში, მიწისსძვრის სიმძლავრემ 7.3 მაგნიტუდა შეადგინა. ამავე რეგიონში 11 წლის წინათ მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ფუკუშიმას ატომური სადგურის განადგურება და იქიდან რადიაციის გაჟონვა გამოიწვია.

მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობები ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოშიც შეაქანა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო AFP-ი.

როგორც კი მიწისძვრა მოხდა, იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ დაუყოვნებლივ გაავრცელა ცუნამის 1-მეტრიანი ტალღების საფრთხის შესახებ განცხადება ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილებისთვის, მაგრამ როგორც იაპონური მაუწყებელი NHK იტყობინება, ცუნამის საფრთხე უკვე მოხსნილია.

მიწისძვრა ფუკუშიმას სანაპიროდან თითქმის 60 კილომეტრში მოხდა, არც თუ ისე შორს იაპონიის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრიდან, რომელმაც 11 წლის წინათ 18 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2011 წლის მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი და გაანადგურა ფუკუშიმას ატომური სადგური, რამაც გამოიწვია დიდი კატასტროფა იქიდან რადიაციის გაჟონვის შემდეგ.

იაპონიის ბირთვულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ფუკუშიმას დაზიანებულ ადგილზე, ოთხშაბათს ღამით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ არანაირი ანომალიები არ გამოვლენილა.

guardian.ge