აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

იაპონიაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ოსაკაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი და დაზიანებები აქვს მიღებული 200-ზე მეტ ადამიანს.

როგორც BBC იუწყება, მიმდებარე ტერიტორიაზე აეროპორტები რამდენიმე საათით დაიკეტა, მატარებლების მოძრაობა შეჩერდა და ქარხნები იძულებული გახდნენ პროდუქციის გამოშვება შეეწყვიტათ.

170 000-ზე მეტი მობინადრე ელექტროენერგიის და გაზმომარაგების გარეშე დარჩა.

მიწისძვრას ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ მოჰყოლია და მიწისძვრის ზონაში მდებარე ბირთვული ქარხნები ნორმალურად განაგრძობენ ოპერირებას.

იაპონია მიწისძვრებისადმი განსაკუთრებულად მიდრეკილ ზონაში მდებარეობს და 6.0 და უფრო მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის მსოფლიო მიწისძვრების 20%-ზე მეტი ამ ქვეყანაზე მოდის.