საქართველო

იან კელი: მოქალაქეებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ აუცილებლად დაემორჩილონ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, „მოქალაქეებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ აუცილებლად დაემორჩილონ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს”.

ელჩმა განცხადება ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორ ლევან დოლიძესთან ერთად, სტრატეგიული კომუნიკაციის ტრენინგების დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

შეკითხვას, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციას პრობლემა არ შეექმნას, კელიმ ასე უპასუხა:

„ალბათ, ამ შეკითხვით უნდა მიმართოთ ჩემს კარგ მეგობარ იანოშ ჰერმანს და ზუსტად დღევანდელი დღეც ეძღვნებოდა კომუნიკაციებს და ტრენინგს ამ მიმართულებით. შესაბამისად, აუცილებელია მოქალაქეებს კარგად მივაწოდოთ და აიხსნას ინფორმაცია, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაემორჩილონ იმ რეგულაციებს და წესებს, რაც შეთანხმებაში არის გაწერილი, არ დაარღვიონ გაწერილი წესები. უმთავრესად, ეს შეეხება ნებართვებს, დროის ხანგრძლივობას, თუ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩნენ ტერიტორიაზე. აღნიშნული აუცილებლად ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. სწორედ სტრატეგიული კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია“.