ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს მოხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ზე მეტი შეადგინა

GUARDIAN.GE – ძლიერმა მიწისძვრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს, 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბევრი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი, მიწისქვეშა ბიძგები ლიბანში, ისრაელსა და კვიპროსშიც იგრძნობოდა, იტყობინება BBC.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17,9 კმ სიღრმეში ქალაქ გაზიანტეპთან ახლოს. თურქეთში ოფიციალურმა პირებმა 280-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს, დაზარლდა 10 ქალაქი, მათ შორის დიარბაქირი.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, ქვეყნის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა.

სირიაში სულ მცირე 237 ადამიანი დაიღუპა, 600-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული, როგორც ამას სახელმწიფო მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება უახლოეს საათებში.

ბევრი შენობა ჩამოინგრა და ნანგრევების უზარმაზარი გროვის ქვეშ გადარჩენილების სამძებრო სამუშაოებს სამაშველო ჯგუფები აწარმოებენ.

თურქი სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა.